Logo

უკრაინამ ე.წ. “კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

Frontnews image description

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ "კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 

შავ სიაშია 557 ყველაზე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი. თითქმის ყველა მათგანი უცხოელია და უკრაინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს,  ქვეყანაში მხოლოდ 34 იმყოფება, რომელთაგან 17 უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია. 

"კანონიერი ქურდების“ შესახებ კანონის მიღებისა და ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ, მიღებულია პერსონალური სანქციები მსოფლიოში ცნობილი 557 "კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ. ბევრი მათგანი უკვე უკრაინაში არ იმყოფება, ხოლო იმ პირების რიცხვი, ვინც ახლა უკრაინაშია, უკვე განახევრდა და 17 ადამიანს შეადგენს. ჩვენ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ციფრი ნულამდე დავიდეს“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით,  ე.წ. "კანონიერ ქურდებზე“ შემდეგი სახის შეზღუდვები გავრცელდება: აქტივების დაბლოკვა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ვიზისა და ბინადრობის უფლების გაცემაზე უარის თქმა, უკრაინაში ყოფნის გახანგრძლივებაზე უარის თქმა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შეუძლებლობა და ქვეყნიდან იძულებითი გაძევება.

ზელენსკის თქმით,  ანალოგიური ზომები იქნა მიღებული 111 კრიმინალური ავტორიტეტის მიმართ, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან. 

თაგები:

Advertisement