Logo

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა, 3 071-ს მოქალაქეობა აღუდგა

პოლიტიკა
26.07.2023 / 15:03
Frontnews image description

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელთაგან 2 530 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას სადეპუტატო კითხვით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.

 

“თქვენი 2023 წლის 17 ივლისის N5547/3-6/23 (პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგისტრაციის N1/8358, 17.07.2023) წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელთაგან 2 530 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს (“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი).

 

ასევე გაცნობებთ, რომ ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით – 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე – 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს.

 

აღნიშნული პირების მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხში.

თაგები:

პასპორტი
Advertisement