Logo

უკრაინის დაზვერვა – ილ-76-მა ენგელსის და ბელგოროდის აეროდრომებზე რაკეტები მიიტანა

უკრაინა
1370
Frontnews image description

რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც 24 იანვარს ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდა, მანამდე იარაღი მიაწოდა ენგელსის აეროდრომს და თავად ბელგოროდს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ენგელს-2-ის აეროპორტში დაფიქსირდა ილ-76-ის ბორტი, რომელიც გამოიყენება რუსული სტრატეგიული ავიაციისთვის საბრძოლო მასალის მისაწოდებლად. კერძოდ, საუბარია იმ რაკეტებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს.

 

“ეს არის თვითმფრინავი, რომელმაც ბელგოროდის რეგიონს მიაწოდა S300 და S400 რაკეტები ხარკოვზე და რეგიონზე თავდასხმებისთვის”, – აღნიშნა იუსოვმა.

 

24 იანვარს რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში 65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა. რუსები უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებენ.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაადასტურეს, რომ გაცვლა ნამდვილად გუშინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ ადასტურებს განცხადებას, რომ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით თამაშობენ და მომხდარზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე – ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით.

თაგები:

ბელგოროდი
Advertisement