უკრაინის დელეგაცია მაიამიში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დელეგაცია მაიამიში ამერიკულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა.
უკრაინის დელეგაციაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია.
შეერთებული შტატების მხრიდან დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრა 21 მარტს, რუსული მხარის მონაწილეობის გარეშე გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა.
მისი თქმით, ძირითად საკითხებს შორისაა: მომზადება მომავალი სამმხრივი მოლაპარაკებისთვის ომის შესაძლო დასრულების შესახებ, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით; უკრაინისთვის იარაღის შეძენა; "დრონების შეთანხმება", რაც გულისხმობს, აშშ-თან შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც კიევი შეძლებს, გაუზიაროს ვაშინგტონს ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგიები დრონებისგან თავის დასაცავად, სანაცვლოდ კი უკრაინისთვის დეფიციტურ დაცვის სისტემებს მიიღებს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს და უსაფრთხოების გარანტიებს.
თაგები:
უკრაინის დელეგაცია




