უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რამდენიმე რუსულ სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს

ავტორი
Front News საქართველო
19 დეკემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რამდენიმე რუსულ სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა განაცხადეს.
კერძოდ, უკრაინულმა დრონებმა რუსული პროექტის 22460 სამხედრო ხომალდ „ოხოტნიკს“ დაარტყეს, რომელიც ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მახლობლად პატრულირებდა. გემს რამდენიმე დრონი დაესხა თავს და დაზიანების მასშტაბები ჯერ კიდევ დგინდება.
გარდა ამისა, დარტყმა მიაყენეს „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებულ ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადოზე მდებარე საბურღი პლატფორმას. პლატფორმა ნავთობსა და გაზს აწარმოებს, რომლის ექსპორტიც რუსეთის ბიუჯეტს ავსებს და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად გამოიყენება. დაზიანების მასშტაბები და ობიექტის სამომავლო ოპერატიული შესაძლებლობები დგინდება.
ასევე, გენერალური შტაბის ცნობით, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ განადგურდა RSP-6M2 რადარის სისტემა. ის თვითმფრინავების მოძრაობის რეგულირებისა და მტრის შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.
სპეციალური ოპერაციების ძალებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის ძალები აგრძელებენ ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენებას, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას ისახავს მიზნად.
თაგები:
უკრაინის თავდაცვის ძალები




