“უნდა დავდგეთ ყველა იმ ეპიცენტრში, სადაც ადამიანები იბრძვიან სამართლიანობისთვის”

ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას მიმართა.
"აქ არის სწორედ ჩვენი ძალა, როცა ვაცნობიერებთ იმას, რომ უნდა ვიდგეთ დღევანდელ დღეს აქ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დგომა მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილზე. ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, უცებ გადაწყვეტა აქ შეიძლება ვერ მოხდეს პროცესების, მაგრამ ჩვენ განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც მართულია ნაწილობრივ ემოციებით, მაგრამ ამას წინ უძღვის სტრატეგია, დაგეგმვა. ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა და დღეს არის უკვე მრავალათასიანი და არის პირველ რიგში გულწრფელი, სამართლიანი და ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემები გადაჭრას და გადაწყვიტოს.
დადგა დღის წესრიგში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და არსებობის საკითხი. ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად გვემართება ასეთი რამ: ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას და შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას და აგრძნობინებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანებს იმ სკამებზე, რომელზეც ახლა კომფორტულად არიან მოთავსებულები და ჩვენ ამას ვადევნებთ აქედან თვალს, მაგრამ თითქოს ზემოქმედების ბერკეტი და მექანიზმი ხელთ არ გვიპყრია. ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა, ამას ასე ვთვლით და რა არის ეს ზემოქმედების ბერკეტი კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ეს არის ჩვენი სიმრავლე პირველ რიგში და პასუხისმგებლობის შექმნა იმ სკამებზე, სადაც ეს ხალხი ზის, მოთხოვნა მათზე, რომ როდესაც პრეტენზია აქვს, რომ მოვიდეს და ქართველი საზოგადოების ნებისგამომხატველი და ამსახველი იყოს, მართლა იყოს ამ ნებისგამომხატველი და ამსახველი და არა ეს ბუკლეტების დონეზე, რომელიც რჩება ხოლმე იმ საარჩევნო კამპანიის წინ დაბეჭდილი, რასაც მერე ვკითხულობთ და აზრი არ აქვს რა წერია ზედ, ვერავინ შემხებლობას ვერ ვნახულობთ, ბმას ვერ ვპოულობთ იმ ბუკლეტთან, რა ბუკლეტსაც სხვადასხვა პარტია ბეჭდავს ხოლმე. ამიტომ, თუ ჩვენ არ ჩამოვყალიბდით ისეთ ერთობად, რომელიც ახლა მოედანზე არის, რომელიც პასუხისმგებლობას გააჩენს მთელს ამ პროცესზე და მოსთხოვს ამა თუ იმ ხელისუფალს, რატომ არ ხარ შენ აღმსრულებელი იმისი, რაც ჩემი ნებაა და რაც მეც მინდა, რატომ არ აკეთებ იმას, რაც ხალხის ნებაა, რა უდგას ამას წინ, სანამ არ დავსვამთ ამ კითხვას და არ მოვთხოვთ ჩვენი სიმრავლით ამის აღსრულებას და მუდმივად გადავიტანთ პასუხისმგებლობებს პერსონებზე, მოვა და დაალაგებს, ან ამან არ გაამართლა, წავა და შემდეგ სხვა მოვა და დაალაგებს, მანამ მოგვიწევს ასე გაუგებრად, ამ ორომტრიალში ყოფნა, რასაც საბოლოო ჯამში ვერ გავყავართ ჩვენ იმ მოჯადოებული წრიდან, რაზეც ვართ უკვე ბოლო 30 წელია.
ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ არის ის, რომ ვიყოთ ბევრი და ვიყოთ ერთად, მოტივირებული ვიყოთ იმისთვის, რომ საქმე, პრობლემა, რაც დგას დღის წესრიგში, ყველა ვხედავთ და თითოეულ ჩვენგანს გვეხება, კონკრეტულ პრობლემებზე ორიენვტირდეთ, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. გავაკეთოთ მთელი აქცენტი პრობლემაზე, ნაკლებად ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, ვეცადოთ ერთმანეთის გამოსწორებას სხვადასხვა ნიშნით და დამერწმუნეთ, რომ ყველა პრობლემას ჩვენი ერთობით აღმოვფხვრით. არ იქნება საზოგადოების დღის წესრიგში ისეთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვეღარ გადავჭრით ამის შემდეგ, თუ აქ არ დაგვყოფს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე და არ ჩანერგავს იმას, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, თუ ჩვენ ახლა პარტია არ ჩამოვაყალიბეთ ისე არაფერი არ გამოგვივა და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, პირველ რიგში, არის სახალხო, სახალხოობას, სიმრავლეს უნდა მივაღწიოთ და ამის შემდეგ ვფოკუსირდეთ და ორიენვტირდეთ ამა თუ იმ პრობლემაზე. უნდა დავდგეთ ყველა იმ ეპიცენტრში, სადაც არის ჯანსაღი პროტესტი და სადაც ადამიანები იბრძვიან სამართლიანობისთვის და თავისი უფლებებისთვის", – განაცხადა გოლეთიანმა.
თაგები:





