უოლცი – ტრამპი აპირებს დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიები ევროპაზეა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ ამ კვირაში განიხილავს, თუ როგორ დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ევროპაზე იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა.
მრჩეველმა დააანონსა, რომ ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში განიხილავენ დეტალებს, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზადაა მიიღოს ზომები მოლაპარაკებებში ყველა მხარის ჩართვისთვის.
“ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან. მან (ტრამპმა) თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა არ არის საუკეთესო მდგომარეობაში. ის მზად არის შემოიღოს გადასახადები, ტარიფები, სანქციები. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ომი. და ეს აღინიშნა პრეზიდენტ სისთან, პრემიერ-მინისტრ მოდისთან, ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან საუბარში. ყველა მზადაა დაეხმაროს პრეზიდენტ ტრამპს ამ ომის დასრულებაში. მოვიწვიოთ ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
უოლცმა დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ტრამპი მზად არის ამ კვირაში განიხილოს ყველა ეს საკითხი, მათ შორის უკრაინის შეერთებული შტატების დახმარების მომავალი.
“ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ ეს ხარჯები და ეს იქნება პარტნიორობა უკრაინელებთან მათ იშვიათ მიწებზე, მათ ბუნებრივ რესურსებზე, მათ ნავთობსა და გაზზე და ჩვენი რესურსების ყიდვაზე. ეს საუბრები ამ კვირაში მოხდება”, – განაცხადა უოლცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ამ ომის დასრულებას აპირებს, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ევროპელებზე იქნება.
“და ვფიქრობ, აქ ძირითადი პრინციპია, რომ ევროპელებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტზე. პრეზიდენტი ტრამპი აპირებს დაასრულოს იგი. შემდეგ კი, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ეს მთლიანად ევროპელებზე იქნება”, – განაცხადა უოლცმა.
