“უფლებები საქართველო” აზერბაიჯანიდან დევნილი სამოქალაქო აქტივისტისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

ავტორი
Front News საქართველო
"უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო აზერბაიჯანიდან დევნილი სამოქალაქო აქტივისტის ავთანდილ მამმადოვისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.
"მამმადოვს, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობს, სამშობლოში ექსტრადირება და ყალბი ბრალდებით გასამართლება ემუქრება. მის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.
ავთანდილ მამმადოვი აზერბაიჯანში აქტივიზმით და უფლებადაცვითი საქმიანობით იყო დაკავებული. ის ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას, ატარებდა ტრენინგებს და არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობდა. 2017 წელს, პროფესიული საქმიანობის და ხელისუფლებისადმი გამოთქმული კრიტიკის გამო, აზერბაიჯანის პროკურატურამ მამმადოვზე თაღლითობის ბრლადებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რის გამოც მან თავი საქართველოს შეაფარა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მამმადოვი საერთაშორისო ძებნაშიც გამოაცხადა. შედეგად, 2019 წლის ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნილი აქტივისტი დააკავა. მხოლოდ „უფლებები საქართველოს" იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის ჩართვის შემდეგ, მამმადოვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება გახდა შესაძლებელი, თუმცა მას აზერბაიჯანში ექსტრადირება კვლავ ემუქრება.
ჰუმანიტარული სტატუსის (საერთაშორისო დაცვის) მინიჭების შემთხვევაში, მამმადოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება ვეღარ განხორციელდება, თუმცა, სამწუხაროდ, შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა მას საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა.
დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტოსთან დავის ხანგრძლივი პროცესი. „უფლებები საქართველოს" იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა შსს-ის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ მამმადოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შსს-ს გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა დევნილი აზერბაიჯანელი აქტვისტისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„უფლებები საქართველოს" იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება, შსს-ის გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, მამმადოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსი თავადვე მიენიჭებინა. სწორედ ამიტომ, არჩილ ჩოფიკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში – თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„უფლებები საქართველო" მოითხოვს, რომ არჩილ ჩოფიკაშვილის საჩივარი დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლომ მამმადოვს ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭოს. მამმადოვთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მისი მეუღლისა და ორი არასრულწლოვანი შვილისთვისაც უნდა განიხილოს", – აღნიშნულია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციაში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


