USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება

ავტორი
Front News საქართველო
19 აპრილს, 11:00 საათზე, მარნეულის ჩაის სახლში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, ასევე საჯარო მოხელეები აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან.
ღონისძიებას გახსნიან USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის უფროსი მრჩეველი დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში კორინ როტბლუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი.
ურთიერთგაგების მემორანდუმები წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაზრდას. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. თანამშრომლობა აგრეთვე ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებასა და თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ადგილობრივ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.
თაგები:
USAID




