Logo

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და უკრაინის დადანაშაულებას გეგმავდა

უკრაინა
01.05.2022 / 15:17
Frontnews image description

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც გეგმავდა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის ან ბელარუსიის ტერიტორიაზე და ამაში უკრაინის დადანაშაულებას, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა არტიომ დეხტიარენკომ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა მრავალეტაპიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მტრის კარგად დაფარული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი გაანეიტრალა.

 

“რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აგენტები ტერაქტს ამზადებდნენ – ისინი გეგმავდნენ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის ან ბელარუსიის ტერიტორიაზე. დამპყრობლები აპირებდნენ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში“, – განაცხადა დეხტიარენკომ.

 

მისივე თქმით, მტრის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში შედიოდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი და მათ მიერ გადაბირებული თანამზრახველი. მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა რუსი ალექსანდრე ტიუტერევი, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის თანამშრომელია. 

 

დეხტიარენკოს თქმით, დადგინდა, რომ მანამდე ტიუტერევი ოდესის რეგიონში ტერაქტების სერიის მოწყობაში მონაწილეობდა, რისთვისაც იძებნებოდა.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტიუტერევის დავალებით, მტრის აგენტები ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან პატრიოტი მოხალისეების საფარქვეშ. „ნდობის“ დასამყარებლად მათ უკრაინელ სამხედროებს მიაწოდეს ინფორმაცია ე.წ „კადიროველების“ საოკუპაციო ნაწილების პოზიციებთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

 

“სპეცოპერაციის დროს უსაფრთხოების სამსახურის დამპყრობლების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ყველა წევრი დააკავეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, რათა დადგინდეს მხილებული დანაშაულის ყველა გარემოება და დაისაჯონ მისი ორგანიზატორები“, – განაცხადა დეხტიარენკომ.

Advertisement