Logo

ვახტანგ ძაბირაძე - ახალი რეალობის შესაქმნელად საჭიროა მნიშვნელოვანი გარღვევა, რაც მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებით არის შესაძლებელი

ინტერვიუ
4 დღის წინ / 11:10
603
Frontnews image description

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკადრო ცვლილებები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში – ხელისუფლება, პრემიერი თუ მაინც ბიძინა ივანიშვილი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე Front News-თან  ინტერვიუში  ბოლო სამთავრობო ცვლილებების მიზეზებზე, ირაკლი კობახიძის გაძლიერებაზე, ხელისუფლების სამომავლო სტრატეგიებზე, ასევე იმ დილემაზე საუბრობს, რომლის წინაშეც ოპოზიცია დგას.

– ბოლო დღეებში არაერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება ვიხილეთ. როგორ ფიქრობთ, რასთან არის ეს გადაწყვეტილებები დაკავშირებული და როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებს?

– ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ივანიშვილის სამთავრობო გუნდიდან მასთან დაახლოებული პირები გადიან. არსებობს მეორე ვარიანტიც – შესაძლოა, ახალი მთავრობა ყალიბდება, თუმცა ჯერჯერობით რთულია დაზუსტებით თქმა, რას მოიმოქმედებს ივანიშვილი. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ახალი მთავრობა არ არის სანქცირებული და შესაბამისად, ისინი თავისუფლები არიან ამ კუთხით. სწორედ ეს გარემოებაც შეიძლება იყოს ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ საჭირო გახდა, ივანიშვილი კვლავ დააბრუნებს მისთვის საჭირო პირებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – რამდენად ემორჩილებიან ეს კადრები უშუალოდ კობახიძეს. პრემიერ-მინისტრის პოზიციები, გარკვეულწილად, გაძლიერდა. განსაკუთრებით თუ შინაგან საქმეთა მინისტრს უფრო ნეიტრალურ ფიგურად მივიჩნევთ. ეს მნიშვნელოვანია კობახიძის გავლენის შესაფასებლად. მომავალში სწორედ ის გახდება გადამწყვეტი, თუ ვინ აიღებს სრულად ხელისუფლების სადავეებს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ირაკლი კობახიძე ყველა ამ გადაწყვეტილებას მაინც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით იღებს?

– ამაში ეჭვი არ მეპარება. კობახიძე ყველა ნაბიჯს ივანიშვილთან აუცილებლად შეათანხმებს. თუმცა, ეს შეთანხმება რეალობას დიდად ვერ ცვლის. თუ ვივარაუდებთ, რომ ახალი კადრები მართლაც ემორჩილებიან კობახიძეს და მის ბრძანებებს ასრულებენ, მაშინ თავად ივანიშვილი შეიძლება რთულ პერსპექტივასთან აღმოჩნდეს.

ავტორიტარულ სისტემებში ხშირად ხდება ასე – პირველი პირისადმი მორჩილება სისტემას მთლიანად მის კონტროლს უთმობს. წარსულიდანაც ვიცით, განსაკუთრებით საბჭოთა სისტემების მაგალითზე, რომ პირველი პირის გარშემო ყველაზე ლოიალური ჯგუფი იბრუნებდა ძალაუფლებას. თუ დღეს მთავრობა აღიარებს კობახიძეს პირველ პირად, ივანიშვილისთვის ეს შესაძლოა, პრობლემის დასაწყისი გახდეს.

ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვამბობ ცალსახად, რა პოლიტიკას გააგრძელებს ხელისუფლება. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა კობახიძეს მართლაც მისცა დროებითი კარტ-ბლანში, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისი მოაგვაროს. თუ ეს არ გაამართლა, შესაძლოა, მისი შეცვლის საკითხიც დადგეს.

ამ კრიზისის მოგვარება ორ გზას უჭირავს – ან დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებით, ან შიდა რეპრესიებით. ჯერჯერობით ჩანს, რომ ხელისუფლება რეპრესიული გზის არჩევას ცდილობს.

– თუ ამ რეპრესიებმა შედეგი ვერ გამოიღო და დასავლეთთან დარეგულირება ვერ მოხერხდა, რამდენად რეალურია, რომ ივანიშვილმა ახალი გუნდი შემოიყვანოს ან რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს?

– დიახ, თუ რეპრესიებმა ვერ გაამართლა, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაში ახალი გუნდი ვიხილოთ. თუმცა სანამ რიგგარეშე არჩევნებზე ვილაპარაკებთ, გასათვალისწინებელია რუსეთისა და უკრაინის ომის კონტექსტიც – როგორ განვითარდება მოვლენები და მოხდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. მე არ ველი, რომ წლის ბოლომდე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ტრამპმა საერთაშორისო პოლიტიკა მთლიანად აატრიალა. მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ მისი მხრიდან და არ მგონია, ამან შედეგი მოიტანოს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რის გამოც რთულია პროგნოზირება, როდის ან როგორ მიიღებს ივანიშვილი გადაწყვეტილებებს. ჯერჯერობით მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ პროცესებს გაუმკლავდება.

– როგორ აფასებთ ოპოზიციის სტრატეგიას ამ რთულ ვითარებაში? აშკარაა, რომ მათ მიმართ საზოგადოებაში ნდობა შემცირებულია. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ უფრო მკაცრი სანქციების მოთხოვნით მიმართა დასავლეთს. ამ სტრატეგიას ეფექტური ტაქტიკის სახე აქვს?

– ამ ეტაპზე ოპოზიციას საზოგადოებაზე რეალური ზეგავლენა აღარ აქვს. რაც არ უნდა ილაპარაკონ ტელევიზიით, თუნდაც ოთხივე წამყვანმა პარტიამ ერთობლივად დაიწყოს საპროტესტო მოძრაობა, ამას საზოგადოების მხრიდან რეალური მხარდაჭერა არ ექნება.

ამ ყველაფერს ემატება ის გაურკვევლობა, რაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავად ოპოზიციაშია – იქნებიან თუ არა მონაწილეობაში, გადაიხდიან თუ არა გირაოს და ა.შ. ეს არაერთმნიშვნელოვნება თავად ოპოზიციას აზიანებს. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს მხოლოდ მანდატების მოპოვების საშუალებად განიხილავს, თუმცა რეალურად, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების საშუალება.

დღეს ოპოზიციურ ელექტორატზე გავლენა სუსტია. ახალი რეალობის შესაქმნელად საჭიროა მნიშვნელოვანი გარღვევა, რაც მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებით არის შესაძლებელი – და ეს ადგილობრივი არჩევნებით უნდა მოხდეს. ამ შანსს კი ოპოზიცია ხელიდან უშვებს.

– ოპოზიციის არგუმენტია, რომ არჩევნებში მონაწილეობით ისინი ხელისუფლებას ლეგიტიმაციას მიანიჭებენ და ეს პროპაგანდისთვის იქნება გამოყენებული. ეს არგუმენტი თქვენთვის საფუძვლიანია?

– ოპოზიციამ ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც შეძლო – საერთაშორისო პარტნიორებმა მშვენივრად იციან, რა ხდება საქართველოში. ამიტომ, თუ ოპოზიცია მოახერხებს ხალხისთვის იმის ახსნას, რატომ არის საჭირო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, შესაძლებელია ამომრჩეველიც გაააქტიუროს.

გარდა ამისა, აუცილებელია შეთანხმება დიდ ქალაქებში ერთიან კანდიდატებზე. ასეთ შემთხვევაში, რეალურად არსებობს შანსი, რომ ისეთ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი და სხვები, ოპოზიციამ გაიმარჯვოს – მიუხედავად შესაძლო გაყალბების მცდელობებისა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ეს რეალობა უკვე ვიხილეთ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. თუ ხელისუფლებას მისცემენ საშუალებას, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოიპოვოს ყველა თვითმმართველობის ორგანო, მაშინ ოპოზიციის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ხელისუფლება დღეს უკვე ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ერთპარტიულ პარლამენტში და იგივე სცენარის გაგრძელება სურს ადგილობრივ დონეზეც. 

ელზა პაპოშვილი 

 

 

Advertisement