Logo

ვახტანგ კაპანაძე – ამერიკის მხრიდან ასეთი განცხადება შანტაჟის მეთოდი უფროა, ვიდრე რეალურ ქმედებას უნდა ველოდოთ

ინტერვიუ
19.04.2025 / 05:26
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, პროცესებს ამერიკა უნდა გაეცალოს. მისი თქმით, ახლა ძალიან სწრაფად უნდა განსაზღვრონ და აქ დღეებზეა საუბარი, შესაძლებელია თუ არა რეალურად ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო  თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რუბიო ფიქრობს, რომ პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი უკვე იმ ეტაპზეა „როდესაც იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ“. მისი თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ომის შესაჩერებლად ძალისხმევა არ დაუკლია, თუმცა მათ “მიაღწიეს წერტილს, როდესაც უნდა გადაწყვიტონ და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ“.

შევიდა თუ არა ჩიხში  უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და რამდენად რეალურია უკრაინის მოლაპარაკებებიდან გასვლა? ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე საუბრობს.

– რა სახის განაცხადია რუბიოს მხრიდან მოლაპარაკებებიდან ამერიკის გასვლასთან დაკავშირებული მუქარა. შესაძლოა, ამას ტრამპი ორივე მხარისთვის დასაშანტაჟებლად იყენებდეს?

– რა თქმა უნდა, ამერიკის მხრიდან ასეთი განცხადება შანტაჟის მეთოდი უფროა, ვიდრე რეალურ ქმედებას უნდა ველოდოთ. ძალიან ძნელია ზოგადად ტრამპის განცხადებების პროგნოზირება რამდენად სწორი ნათქვამია და შესრულებადია. ტრამპი ვიცით განცხადებებს ძალიან სწრაფად ცვლის. როგორც თავად ამბობს, თუ კედელი გვხვდება წინ, შესაძლოა, მასზე გადაძრომა, ამიტომ მოქნილები უნდა ვიყოთ პოლიტიკაშიო. ასე რომ, ძალიან ძნელია კონკრეტულად ვთქვათ, რომ ის ამას სერიოზულად საუბრობს და ამ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა, როცა ამას ამხელა თანამდებობის პირი რუბიო ამბობს, ეს ლოგიკურია ტრამპთან შეთანხმებულია და ის ამას მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე არ საუბრობს. ეს დიდი ალბათობით ორივე მხარის გასაგონად გაკეთებული განცხადებაა. ამით ის ესაუბრება, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას. ორივეს შეშინებას ცდილობს. მიზანი არის ის, რომ მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდეს და რაიმე ქმედით ნაბიჯები გადაიდგას.

– თუმცა ალბათ, ვთანხმდებით ბატონო ვახტანგ იმაში, რომ ამერიკის გასვლა ამ მოლაპარაკებებიდან ყველაზე დიდ დარტყმას უკრაინას მიაყენებს. რუსეთის ზარალი და  რისკები ალბათ, უფრო ნაკლები იქნება, რადგან უკრაინა დახმარების დიდ წილს ამერიკისგან იღებს. შესაბამისად, ეს გასვლა ყველაზე მტკივნეული და სახიფათო ვისთვის იქნება და ამერიკის გასვლა ამ მოლაპარაკებიდან რას ნიშნავს?

– კი ბატონო, ყველაზე დიდ დარტყმას,  რა თქმა უნდა, ეს თუ რეალურად მოხდა, უკრაინა მიაყენებს. თუმცა რუსეთისთვისაც  საყურადღებოა. მაშინ გამოდის, რომ რუსეთისთვისაც სანქციები არ შეწყდება. რუსეთი დაინტერესებულია ამ მოლაპარაკებებით, რადგან ამ ფონზე, მას სურს, რომ სანქციები მოუხსნან. შესაბამისად, რუსეთისთვისაც მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება. თუმცა უკრაინის შემთხვევაში უფრო დიდი ზიანის მომტანია. არავინ არ იცის ამ შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა უკრაინის დახმარება, სანქციები ისევ გაგრძელდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ. ასე რომ, ეს ძალიან ძნელი სათქმელია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეალობაში არ მოხდება.

– სტივ უიტკოფმა დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბრის დროს „პუტინი უკრაინის მიწაზე იყო კონცენტრირებული“. ამავდროულად, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უკრაინის იმ ხუთი რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა, ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა. ფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზი სწორედ პუტინის მოთხოვნებია, რაც უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია?

– რა თქმა უნდა, რეგიონების დათმობის საკითხი ამ მოლაპარაკებებში ჩიხია. უკრაინა არანაირ შემთხვევაში რომელიმე უკრაინული ტერიტორიას არ დათმობს. ხოლო თავის მხრივ რუსეთი ცდილობს, რომ იმ ტერიტორიების გარდა, რომელიც დაკავებული აქვთ, მთლიანი რეგიონები მიიერთოს. მაგალითად ხერსონის 70% აქვს, ზაპოროჟიეს – 65%, 90% მხოლოდ ლუგანსკის აქვს დაკავებული, დონეცკის სადღაც 65%-ს ფლობს. მას უნდა, რომ მთლიანად ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში გადავიდეს. ეს არის პუტინის გაცხადებული ამოცანა. უკრაინის მთლიანი ოკუპაციიდან ის დონბასის ოკუპაციამდე დავიდა. დღევანდელი მონაცემებით ის დონბასის საზღვრამდეც ვერ გადის. ამიტომ შიდა აუდიტორიისთვის ამას პუტინი როგორც დიდ გამარჯვებად ისე გამოაცხადებს. ეს კი რუსეთში მის პოზიციებს კიდევ უფრო  გაამყარებს, თუმცა ამავე დროს მომავლისთვის, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების კუთხით უფრო მნიშვნელოვანი, ზაპოროჟიე და ხერსონია. დონეცკი და ლუგანსკი არაა სტრატეგიულად იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ეს ორი რეგიონია.

ხერსონიდან რუსებს საშუალება ექნებათ ნიკოლაევზე, ოდესაზე და შემდეგ დნესტრისპირეთზე გავიდნენ. შესაბამისად, ეს რეგიონები უფრო სჭირდება რუსეთს, რადგან დონეცკი და ლუგანსკი ისედაც დაკავებული აქვთ. ამიტომ გაცხადებული სურვილი რომ ეს რეგიონები გაიფორმონ, რა თქმა უნდა, უახლოეს მიზანს წარმოადგენს. პუტინი ამას შიდა აუდიტორიისთვის ძალიან კარგად გამოიყენებს. არცერთი უკრაინის ხელისუფლება, ზელენსკიც რომ აღარ იყოს პრეზიდენტი, ამას არ დასთანხმდება. საუბარი შესაძლოა, უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე იყოს და დროებითი დელიმიტაციის ზონის გამოცხადებაზე და დღევანდელ ფრონტის ხაზზე. თუმცა ეს არ იქნება ომის დასრულება, ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტა.

– უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის. ზელენსკიმ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბროს. ჩინეთი კი რუსეთ-უკრაინის ომის რომელიმე მხარისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას უარყოფს. რას გულისხმობს ზელენსკი?

– რთულია სათქმელად ზუსტად ზელენსკის რა ინფორმაცია გააჩნია და რა სახის ლეტალურ იარაღზე საუბრობს, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი ჩინეთიდან ორმაგი დანიშნულების საშუალებებს იღებს. ამას კი რუსეთი თავის სხვადასხვა შეიარაღების წარმოებისთვის იყენებს. მაგალითად მინიმალურამდეა დაყვანილი დასავლეთიდან შესული ელექტრონული შიგთავსის მასალები, რომლებიც ადრე რუსეთის მხრიდან ფართოდ გამოიყენებოდა რუსული უპილოტო შაჰიდების წარმოებაში. ამ უპილოტო “შაჰედების” ჩამოგდების შემდეგ ნახეს, რომ შიგთავსი ჩინური წარმოების იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის. ამას ეს ნამდვილად არ სჭირდება. თუმცა ზელენსკიმაც განაცხადა, რომ დენთის საწარმოებლად ნივთიერებას აწვდის. ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩინეთს ნეიტრალური მიდგომა უკრაინის ომთან დაკავშირებით ნამდვილად აწყობს. ჩინეთს ბოლომდე რუსეთის გამარჯვება არ აწყობს. მისთვის ის სტრატეგიული თვალსაზრისით კონკურენტია. ასე რომ მისთვის სუსტი რუსეთი გაცილებით მისაღებია. ჩინეთიდან რუსეთი იღებს გარკვეულ დეტალებს, რომელსაც იარაღის სისტემების წარმოებისთვის იყენებს. დღეს რუსეთში ძირითადად ჩრდილო კორეული წარმოების იარაღი შედის.

– უიტკოფი და რუბიო საფრანგეთში იმყოფებიან ვიზიტით და ისინი პარიზში უკრაინის ომის შეჩერების თემაზე ისაუბრებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ტრამპი იძულებულია ამ მოლაპარაკებებში ევროპაც ჩართოს და ის დამოკიდებულება, რომელიც მას აქამდე ევროპასთან ჰქონდა შეცვლილია. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მან ევროპას გარკვეულ წილად მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილიც დაუთმოს?

– ეს უკვე რუბიოს ბრიუსელში ვიზიტიდან გამოჩნდა, როცა მან გააკეთა განცხადებები და ამით აჩვენა, რომ ამერიკა ნატოში რჩება. თავიდან  იყო ასეთი წარმოდგენა, რომ ტრამპის გაჟღერებული მიდგომა, რომ ან ნატოდან საერთოდ გამოვალთ, თუმცა ეს მიდგომა ფაქტია შეცვლილია. რა თქმა უნდა, ევროპაში ეს ვიზიტი დაკავშირებულია ევროპის მხრიდან გარკვეული დახმარების  ნაბიჯების გადადგმისკენ. უკრაინის ომთან დაკავშირებული წარუმატებლობა ტრამპისთვის ძალიან დიდი პირადი მარცხი იქნება, რაც მის პრესტიჟს საფრთხეს შეუქმნის. ტრამპის პრეზიდენტობის ასი დღე მალე შესრულდება, მან კი ვერცერთი მიმართულებით ჯერ წარმატებას ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ყველა ზომას მიმართავს ახლა ტრამპი, რომ პოლიტიკური ვექტორების მხრივ რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები