Logo

ვახტანგ კაპანაძე - სამხედრო მიზნები, რაც აშშ-სა და ისრაელს ირანთან დაკავშირებით ჰქონდათ,  შესრულებულია

ინტერვიუ
221
Frontnews image description

საერთაშორისო ვითარება სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება - ახლო აღმოსავლეთში ირან-ისრაელის 12-დღიანი დაპირისპირება, აშშ-ის აქტიური ჩარევა და პარალელურად მომზადება ნატოს სამიტისთვის, რომელიც უკრაინისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეა ორიენტირებული. რა სტრატეგიული მიზნები ჰქონდა ამ კონფლიქტში თითოეულ მხარეს? რამდენად ეფექტიანად იმუშავა ამერიკის და ისრაელის სამხედრო დაზვერვამ? როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, რომლის თავდაცვითი მზადყოფნა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საუბრობს.

– როგორ შეაფასებთ 12-დღიან ირან-ისრაელის ომს სამხედრო თვალსაზრისით? ვინ მიაღწია რეალურ უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა?

– ავტორიტარულ რეჟიმებს, განსაკუთრებით ირანს, ახასიათებთ მცდელობა წაგებული ომი გამარჯვებად წარმოაჩინონ. ეს დაპირისპირება სწორედ ამ ტიპის პროპაგანდის ნიმუშია. თეირანი ცდილობს შიდა აუდიტორიას აჩვენოს, თითქოს გამარჯვება მოიპოვა. თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ეს ოპერაცია ისრაელისა და აშშ-ის მიერ ზუსტად იმ კონცეფციით იყო განხორციელებული, რომელიც დასავლეთში 1990-იანი წლებიდან აქტიურად განიხილება - ეს არ ჰგავს იმას, რასაც დღეს ვხედავთ რუსეთ-უკრაინის ომში. ნათლად გამოჩნდა, რომ ტექნოლოგიური და ზუსტი სამიზნეებზე მორგებული უპირატესობა, რაც მართვის მაღალ შესაძლებლობებს გულისხმობს, 21-ე საუკუნის ომებში გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის სამხედრო მიზნები, რაც აშშ-სა და ისრაელს ჰქონდათ, შესრულებულია.

– დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით ბევრმა სტრატეგიულ მანევრად შეაფასა. იყო ეს დიპლომატიური ნაბიჯი, სამხედრო ზეწოლის პიკი თუ რეაგირება ირანის ბირთვულ პოტენციალზე?

– თავიდანვე ცხადი იყო, რომ არც ისრაელის და არც აშშ-ის მიზანი არ იყო ირანის ოკუპაცია ან რეჟიმის შეცვლა. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ამოცანა იყო ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა და განადგურება. ჩემი აზრით, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ცვლილებებს ირანში - ამერიკამ გაითვალისწინა, რომ რეჟიმის ხელოვნური დამხობის მცდელობას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყოლოდა. ირანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და რეჟიმის რადიკალური ცვლილება რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეჩერებულიყო. დანარჩენს მოვლენების განვითარება განსაზღვრავს.

– არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომ თეირანმა გადამალა ან შეინარჩუნა ბირთვული ინფრასტრუქტურის ნაწილი?

– კი ბატონო,  არსებობს ვარაუდები, რომ ირანმა შესაძლოა, გადამალა რადიოაქტიური მასალები, თუმცა თუ მას არ გააჩნია შესაბამისი სამრეწველო ინფრასტრუქტურა, მხოლოდ მასალების ქონა არ ნიშნავს, რომ ბირთვულ შესაძლებლობას სწრაფად აღიდგენს. მათი გადაადგილება და გადამალვა გაცილებით ნაკლებად დაცულია, ვიდრე ფორდოს ტიპის სამხედრო ბაზებზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ მოსადის დაზვერვის ქსელი, რომელმაც კოლოსალური როლი ითამაშა ამ ოპერაციაში. შესაძლებელია, რომ ისრაელს უკვე ზუსტად ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, სად შეეცადა ირანი ობიექტების გადამალვას - თუ ეს ნამდვილად მოხდა. ამერიკელებმა 14 ბომბი ჩამოაგდეს ბირთვული მასალის საცავებზე. ამ მასშტაბის შეტევას გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდა.

– შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ირანის რეჟიმის შიდა ლეგიტიმაციას პირიქით, ზიანი მიაყენა? რამდენად გაიზარდა თეირანის გავლენა რეგიონში?

– არ მგონია, რომ ირანის რეჟიმმა რეგიონში გავლენა გაიმაგრა, თუმცა ირანში შიდა პროცესები ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ომში ქვეყნის დამარცხება ავტომატურად რეჟიმის შეცვლას არ ნიშნავს. ამას ნათლად აჩვენებს ქუვეითის ომის შემდეგ სადამ ჰუსეინის მაგალითი. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საინფორმაციო სივრცეს და მოსახლეობამდე მიდის მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც რეჟიმს აწყობს. თუმცა ფაქტია, რომ რეჟიმის შიდა სტრუქტურები და უსაფრთხოების სისტემები მნიშვნელოვნად დაზარალდა. შესაბამისად, ახლა მათი მთავარი ამოცანაა შიდა კონტროლის აღდგენა. რაც შეეხება მოსადის ქსელის გაშიფვრას - არ მგონია, რომ ის სრულად განადგურდა. შესაძლოა, ზოგიერთ აგენტზე მართლაც ჰქონდეთ ინფორმაცია, მაგრამ სავარაუდოდ ბევრ ტყუილსაც იტყვიან, როგორც ამას ავტორიტარული რეჟიმებისთვის ხშირად სჩვევიათ.

– ნატოს სამიტის ფონზე, როგორია თქვენი მოლოდინები უკრაინის საკითხზე? შესაძლებელია თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან სამხედრო ნაბიჯი გადაიდგას რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს ზელენსკის ჰააგაში ვიზიტის ფონზე?

– არ ვფიქრობ, რომ უკრაინის წევრობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუმცა მკვეთრი პოლიტიკური გზავნილები აუცილებლად გაიცემა. რაც შეეხება რუსეთთან მიმართებაში ქმედებებს - ველოდები სანქციების გაძლიერებას და გაფართოებას. ასევე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინამ "პატრიოტების“ დამატება, რადგან აშშ-მა ბოლო დროს ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანა.

– უკრაინის ომის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია. როგორია თქვენი შეფასება - არსებობს რეალური შანსი რაიმე წინსვლისთვის?

– ველოდები, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული პროცესი შეიძლება წლის ბოლომდე დაიწყოს. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული უკრაინის სამხედრო წარმატებებზე. თუ უკრაინა შეძლებს ფრონტზე პოზიციების გამყარებას და არ მისცემს რუსეთს შეტევის საფუძველს, ამას შესაძლოა, მოჰყვეს მოლაპარაკებები. რუსეთს ომის დასრულება არ აწყობს, რადგან მილიონობით ადამიანი ჰყავს ომში ჩართული, რომლებიც იარაღის უკრაინელებისთვის სროლის გამო ხელფასს იღებენ. ამ მასის სახლში დაბრუნება სერიოზულ სოციალურ რყევებს გამოიწვევს. თუმცა ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვისაც გარკვეული სარგებლის მომტანია - შეინარჩუნოს ჯარი ფრონტის ხაზზე და რესურსები გადაინაწილოს. ამ პირობებში რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება წერტილოვანი ძალების შენარჩუნება და სულიერად ამოსუნთქვა.

– იქნება თუ არა საქართველო ნახსენები სამიტზე? და ზოგადად, სად ვიმყოფებით დღეს ნატოსთან ურთიერთობებში - არის წინსვლა, სტაგნაცია თუ უკუსვლა? და როგორია ქვეყნის თავდაცვითი მდგომარეობა რეგიონული რისკების გათვალისწინებით?

– საკმარისია შევადაროთ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბიუჯეტებს, რომ ნათელი გახდეს ჩვენი მდგომარეობა. ასევე შეადარეთ შეიარაღებული ძალების რაოდენობა, სამხედრო ტექნიკა და სისტემები - ცხადია, რამდენად ჩამოვრჩებით მეზობლებს. აქ საუბარია არა მხოლოდ რუსეთის შესაძლო აგრესიაზე, არამედ ზოგადად იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონშია.

ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არსებობს არაერთი პროვოკაციული სცენარი, რაც შესაძლოა, განხორციელდეს. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას - სამწუხაროდ, ამ მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა. ღია წყაროებითაც კი არაფერი ისმის იმაზე, რას აკეთებს ჩვენი მისია, როგორ მონაწილეობს პროცესებში. ყველაფერი გაუგებარ ფაზაშია და პრაქტიკულად თეთრი ხმაურია.

ელზა პაპოშვილი

 

Advertisement