Logo

ვახტანგ ხმალაძე – დადონ ერთმანეთის გვერდით ქართული და ამერიკული “ფარა” და ერთმანეთს შეადარონ, ეს სრულიად სხვადასხვა კანონია

ინტერვიუ
10.04.2025 / 10:18
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

უცხოეთიდან საქართველოში გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო იქნება. ამისთვის კანონში ცვლილებები მომზადდა. ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემის და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.  ხელისუფლების მიერ ბოლო დროს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ,  მიზეზებზე, თუ რა მოტივით მოქმედებს ხელისუფლება Front News-თან ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საუბრობს.

– რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამ ცვლილების მიღება და რა სახის პრობლემებს შეუქმნის ეს მესამე სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს მათ განეიტრალებას ემსახურება. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ბოლო დროს,  მიმდინარე მოვლენების ფონზე, აუცილებელია კონტროლდებოდეს დონორების მიერ გაცემული ფულის მიზნობრიობა.

– რა თქმა უნდა,  კანონში ეს ცვლილება ზიანს მოუტანს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორს, მედიას და იმ სუბიექტებს, რომელთა ფაქტობრივი აკრძალვა აქვთ გეგმაში, არამედ  ეს ზიანს  ქვეყანას მოუტანს. ძალიან მარტივი ასახსნელია, რადგან იმისთვის, რომ გრანტი მისცეს რომელიმე უცხოურმა ორგანიზაციამ, მიუხედავად იმისა არის თუ არა უცხო სახელმწიფოსთან კავშირში, მისი გაკონტროლება ხელისუფლების მიერ მაინც  მოხდება. ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს,  თავისი ქვეყნის ან რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან, ფონდების შევსებას ქვეყნის მოქალაქეების ან იურიდიული პირების მეშვეობით ახორციელებს, რომლის მოქმედება და მიზანი არა მხოლოდ თავის სახელმწიფოში, არამედ სხვა ქვეყნებში საქველმოქმედო საქმიანობაა, სწორედ მათი კონტროლიც შევა ამ კანონის მიხედვით ძალაში. ეს ფონდები და გრანტები კი შესაძლოა, ჯანმრთელობასთან, სიღარიბის აღმოფხვრასთან იყოს  დაკავშირებული. მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა და სხვა. ასეთი უამრავი ფონდი და ორგანიზაციაა. ყველა ასეთმა ორგანიზაციამ, იმისათვის, რომ რომელიმე ქართულ ორგანიზაციას გრანტი მისცეს, ან ფიზიკურ პირს, იმ მოქმედების შესასრულებლად, რომელიც ამ ორგანიზაციების ინტერესის სფეროშია, მან საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს, რათა ნებართვა მიიღოს, რომ ქართულ ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს გრანტი მისცეს.

– როგორ ფიქრობთ, რა ფორმით მოხდება ხელისუფლების მხრიდან შერჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების, რომ მათ გრანტის მიღების ნებართვა მიიღონ?

– მაგალითად ორივე მე და თქვენ შშმ პირების დახმარებას ვაპირებთ, მაგრამ შესაძლოა, თქვენ მოგცენ გრანტი და მე არა. აქ ჩნდება კითხვა, მაშ რა კრიტერიუმით მოხდა შერჩევა? რის საფუძველზე იხელმძღვანელა ხელისუფლებამ? აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას, მე არ მომცეს გრანტი, რადგან თავის ოპოზიციად მიმიჩნევენ და მოგცეს თქვენ, რადგან თქვენ ასეთად არ მიგიჩნევენ, რაც უკვე დისკრიმინაციაა. შემდეგ, რაც შეეხება მიზანს დემოკრატიის განვითარებას, აქ უკვე ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმეს ნებართვა მისცენ. გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია თავად ამ ხელისუფლების მიერვე იქნება ფაქტობრივად შექმნილი. კი ჩაწერს მაგალითად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი, მაგრამ სინამდვილეში კი არ შეეცდება ეს ორგანიზაცია გამოავლინოს დარღვევები, არამედ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დამსხმელი იქნება. დემოკრატიის განვითარებისთვის რომ გრანტებს არავის მისცემენ და ამის უფლებას არ გასცემენ, ეს ხომ დღესავით ნათელია.

– “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – რაც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკული ანალოგისგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.  თუ ეს კანონი ამერიკულის ანალოგია, მაშინ მას ქართულ რეალობაში ვერ გამოიყენებენ. რა არის მიზეზი რის გამოც კანონის ამ ფორმით ცვლილება გადაწყვიტა ხელისუფლებამ?

– რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ეს კანონი ქართულ რეალობას უკვე მოარგო და მესამე მოსმენით მიიღო. ამერიკაში, როცა საუბარია რომ ეს „ფარა“ ამერიკის ლობისტურ ორგანიზაციებს ეხება, ან მაგალითად ისეთ იურიდიულ პირებს, რომლებიც მოქმედებენ სხვა ქვეყნის ხელისუფლების დავალებით. ან რომლებიც შექმნილი სხვა ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების მიერ არის. მაგალითად, ასეთი მედიასაშუალება „რაშათუდეი“ გამახსენდა, რომელიც ამერიკამ დაავალდებულა, რომ “ფარას“ კანონის შესაბამისად იქ წარედგინა ინფორმაცია, დანახარჯები და ა.შ. სხვა მედია ორგანიზაციებზე „ფარას“ მოქმედება არ ვრცელდება. საქართველოში რაც მიიღეს და ამბობენ, რომ ეს ამერიკული „ფარაა“, ასე არ არის. ჩვენთან ეს კანონი ნებისმიერ მედიასაშუალებაზე,  არასამთავრობო ორგანიზაციებზე ან ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, რომელიც დაფინანსებას უცხოური წყაროდან მიიღებს. მიუხედავად იმისა რომელი უცხოური წყაროა, რამე კავშირშია თუ არა სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებასთან. ასე რომ, დადონ ერთმანეთის გვერდით ქართული და ამერიკული „ფარა“ და ერთმანეთს შეადარონ, ეს სრულიად სხვადასხვა კანონია. ასევე ფარას მოქმედებას ამერიკაში სასამართლო აკონტროლებს. ზოგი მოქმედების დაწყების უფლება ხელისუფლების ორგანოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში  თუ სასამართლო ამის ნებას დართავს. ზოგიერთ სხვა შემთხვევაში ხელისუფლების მოქმედების გასაჩივრება შეუძლია,  ეს კი მაშინ ამართლებს, როცა სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია. ჩვენთან ეს ასე არ არის.

– ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაჯანსაღება მოხდება. ოპოზიციაში გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ოპოზიციის შექმნას აპირებს, სადაც წარმოდგენილები იქნებიან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, რიჟვაძე. ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა, რეალობას შეესაბამებოდეს?

– ხელისუფლება საუბრობს არა მხოლოდ კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ ის აკრძალვას აანონსებს ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიების შესახებაც. თავისთვის არასასურველ და სახიფათო ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც ის ყველას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობის პარტიებს ეძახის. ე.ი. ეს შეიძლება ნებისმიერ პარტიას შეეხოს, რომელიც მეტ-ნაკლებ პრობლემებს უქმნის „ქართულ ოცნებას“. სავსებით რეალურია, რომ მან ეს გააკეთოს. კარგა ხანია, „ოცნება“ კონსტიტუციით დადგენილ ნორმებს გასცდა, ამიტომ მე ველი, რომ ის ამას გააკეთებს. ხელისუფლებამ კონსტიტუცია არაერთხელ უკვე დაარღვია და არაერთი კანონი მიიღო, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციით დადგენილ უფლებებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, მე სრულებით არ გამკვირვებია მისი ასეთი მოქმედება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ე.წ. რუსული კანონი პარლამენტში წარდგენილი იყო, მაშინაც ვამბობდი, რომ ეს კანონი სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის, გარემოსთვის.

არამხოლოდ იმიტომ რომ ის თავის თავში შეიცავს ხიფათს, არამედ იმიტომაც, რომ მსგავსი კანონის მიღებას რუსეთში ქმედებებიც მოჰყვა. სამწუხაროდ ეს ნათქვამი გამართლდა, რადგან უკვე მას შემდეგ რაც ის კანონი მიიღეს, რომელიც ფაქტობრივად არც აუმუშავებიათ აღსრულების ნაწილში, შემდგომ უკვე არაერთი კანონი მიიღეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სრულებით არ გამიკვირდება რეალურად დაიწყონ არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ამ ხალხს ახალი პარტიის შექმნაც კი აუკრძალონ. ეს ყოვლად წარმოუდგენელი რამ არის. როგორც ერთი ასევე მეორე. რა საკვირველია ამით უნდათ,  რომ პოლიტიკური ველი გაასუფთაონ მათი ოპოზიციური პარტიებისგან, მაგრამ სულ ისე რომ არ გამოჩნდეს, როგორც საბჭოთა კავშირში ერთპარტიული სისტემა, ისეთივე ტიპის ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს შექმნიან, როგორიც ამჟამად პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახით არის. ამიტომ მოლოდინი ნამდვილად მაქვს, რომ შესაძლოა, კახი კახიშვილის ნათქვამი მართლაც გამართლდეს და ოპოზიციურ ფლანგზე ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და სხვები ვიხილოთ.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები