ვახტანგ ხმალაძე - ეს კანონი ვერ იმუშავებს, ხალხს რაც უფრო აუკრძალავენ, მით უფრო ეცდებიან გამოსავალი იპოვონ

ავტორი
Front News საქართველო
Front News-თან ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს განიხილავს, როგორც თავისუფალი საზოგადოების მოდელთან შეუსაბამო და რეპრესიულ მექანიზმს. კონსტიტუციონალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გრანტების მიღებაზე წინასწარი ნებართვის დაწესება არა მხოლოდ მესამე სექტორს, არამედ ინდივიდუალურ თავისუფლებებსაც ზღუდავს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების აშკარა დარღვევაა. ხმალაძის შეფასებით, ხელისუფლების მცდელობა, კრიტიკა „სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად“ შერაცხოს, მიზნად ისახავს კორუფციისა და მართვის ხარვეზების მხილების აღკვეთას, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი აკრძალვები საზოგადოებრივ პროტესტს ვერ შეაჩერებს.
- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებდით „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს კონსტიტუციური პრინციპების ჭრილში? ხელისუფლების განცხადებით, ეს არის სუვერენიტეტის დაცვისა და „შავი ფულის“ აღკვეთის მექანიზმი. რამდენად შეესაბამება მთავრობის მხრიდან გრანტებზე წინასწარი ნებართვის გაცემის ვალდებულება თავისუფალი საზოგადოების მოდელს?
- როდესაც ერთი ადამიანი მეორეს კონკრეტული საქმის გამო აფინანსებს და ამას საზოგადოებისთვის ზიანი არ მოაქვს, აქ სხვა, მესამე სუბიექტი გამორიცხულია, რომ არსებობდეს. მე მინდა თქვენ დაგეხმაროთ იმაში, რომ მეტი დრო დაუთმოთ რაღაც სფეროში რეპორტაჟების მომზადებას. თქვენ გჭირდებათ ფული ცხოვრებისთვის, საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის და ა.შ. ამიტომ, როცა მუშაობთ, იმ სამუშაოდან ანაზღაურება უნდა მიიღოთ. ამიტომ, თუკი მე მზად ვარ, რომ საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობა დავაფინანსო, მაშინ არც მე უნდა მჭირდებოდეს ვინმესთვის ნებართვის აღება და არც თქვენ.
- თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს ორგანიზაციების უცხოურ რეგისტრაციაზე (მაგალითად, ესტონეთში) და ამას კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობად აფასებს. სამართლებრივად რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების არგუმენტი, რომ ეს „შავი ხვრელები“ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და საჭიროებს თუ არა ეს მსგავსი ტიპის რეპრესიულ საკანონმდებლო ჩარევას?
- მაგალითად, თქვენ და მე ორივეს მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებაში გამეფებულია კორუფცია და ორივეს გვინდა, რომ ეს კორუფცია აღიკვეთოს. ამ დროს მე მაქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ დავაფინანსო ამ საქმის გამოძიება. თქვენ გაქვთ უნარი, რომ ეს ამბავი გამოიძიოთ. თუმცა ეს ინტერესები არ ემთხვევა კორუმპირებული ხელისუფლების ინტერესებს. კორუფცია საჯაროდ არ კეთდება, ის სწორედ დაფარულად კეთდება. ჩვენი ერთობლივი მოქმედებით, ჩვენი ფულით და თქვენი უნარით, შეგვიძლია მზის შუქზე გამოვიყვანოთ ეს კორუმპირებულები. ვხედავთ, ამ ბოლო დროს სწორედ კორუფციის ბევრი შემთხვევა იყო.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მავანი მაღალი თანამდებობის პირი, მაგალითად პრემიერ-მინისტრი, შესულია კორუფციულ გარიგებებში და გვინდა ამის გამოძიება. საქმე კი იმაშია, რომ მე ვცხოვრობ გერმანიაში და იქ ვმუშაობ. თქვენ აქ ცხოვრობთ, საქართველოში და აქ უნდა გამოიძიოთ. ხოლო მე, გერმანიის მოქალაქე, მზად ვარ თქვენი საქმიანობა დავაფინანსო. ახლა ეს ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი შეეცდება ამას ხელი შეუშალოს.
ამას შეფუთავს ისე, რომ თქვენ და მე ხელისუფლების, სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ცოტას თუ დავფიქრდებით, ჩვენ სახელმწიფოს სასარგებლოდ ვმოქმედებთ: ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი თანამდებობის პირი. ისე თუ ვიტყვით, ყველა მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში ხალხი ხელისუფლებას არჩევნებით ირჩევს. ბუნებრივია, ამ შეჯიბრების პროცესში პარტიები უნდა ეცადონ, დაარწმუნონ მოსახლეობა იმაში, რომ თავად უკეთესად გაუძღვებიან ხელისუფლებას, ვიდრე სხვა პარტიები. თუკი კარგად აქვთ დასაბუთებული ფაქტები, ხომ უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ ეს ხელისუფლება კორუმპირებულია. ამისთვის სჭირდებათ მტკიცებულებები და რესურსი იმისა, რომ გამოავლინონ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი კორუმპირებული ჩინოვნიკები.
- კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გრანტის მიღება დამოკიდებული იქნება მთავრობის ნებართვაზე. ხომ არ ქმნის ეს ისეთ სამართლებრივ გარემოს, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება სუბიექტური ნიშნით გადაწყვეტს, რომელი ორგანიზაციაა „კეთილსინდისიერი“ და რომელი "ქვეყნის დამაზიანებელი“?
- ესენი ამბობენ, რომ მთავრობის კრიტიკა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას უდრის. მე კი ვამბობ, რომ ეს ასე არ არის. სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთ დროს თავად მთავრობა მოქმედებს, როცა მიკრძალავს მე, რომ ვიმოქმედო იმ მაღალჩინოსნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც კორუმპირებულია, მოსახლეობის ინტერესებს არღვევს და კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რა მნიშვნელობა აქვს, მე როცა ვაკრიტიკებ მთავრობას, მოვითხოვ მთავრობის გადადგომას, ხელისუფლებიდან წასვლას მის შეცვლას, რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს ჩემი ეს მოქმედება რით ფინანსდება?
თან, აქ საუბრობენ პირდაპირ და არაპირდაპირ დაფინანსებაზე. პირდაპირი დაფინანსებაა, როდესაც მე ვიღებ რაღაც თანხას იმისათვის, რომ მთავრობის წინააღმდეგ ვიმოქმედო. ირიბი დაფინანსება იქნება სხვა რამე - როცა მე მიხდიან ფულს არა პოლიტიკური საქმიანობისათვის, მაგრამ ეს მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი დრო (რადგან დაფინანსება და შემოსავალი მაქვს) გამოვიყენო არა დამატებითი შემოსავლის მისაღებად, არამედ ხელისუფლების საკრიტიკოდ.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს სქემები ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაა. რამდენად თავსებადია მსგავსი რიტორიკა და საკანონმდებლო შეზღუდვები საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან?
- ხომ გვიწერია კანონში პირდაპირ ხელისუფლების ვალდებულებები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის? 78-ე მუხლში გვიწერია, რა უნდა გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე. მაშინ ხელისუფლება ჩუმად იყო და არაფერს აკეთებდა. ახლა კი ღიად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ლანძღავს, რითაც 78-ე მუხლს არღვევს. ასე რომ, ასე არ არის და არც შეიძლება იყოს - მართალი და მტყუანი ასე უაპელაციოდ განსაზღვრებოდეს. უბრალოდ, „მინდა და ვამბობ“ ასე არ არის. შენ უნდა დაასაბუთო ის, რასაც ამბობ. განსაკუთრებით ეს ხელისუფლებას ეხება. მის ხელშია თავმოყრილი ძალაუფლება, როგორც ფულის, ისე მართვის სახით. ამიტომ კეთილი უნდა ინებოს და თავისი ყველა მოქმედება ახსნას და დაასაბუთოს, რათა თქვენ, მე და საზოგადოებამ ამ ხელისუფლების მოქმედება სწორად შევაფასოთ. ეს ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ეს ასეა იმიტომ, რომ მე ვამბობ ამასო. მორჩა, ეს არის მისი დასაბუთება.
- თქვენი აზრით, რეალურია თუ არა საფრთხე, რომ მთავრობის მხრიდან ფინანსების კონტროლისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის (6 წლამდე პატიმრობა) დაწესებამ საბოლოოდ გააქროს დამოუკიდებელი მესამე სექტორი საქართველოში?
- აქ მხოლოდ მესამე სექტორზე არ არის საუბარი. დღეს ერთმა ჩემმა კოლეგამ დაწერა, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ, ვინც დარჩება საქართველოში, ისინი იქნებიან სამ კატეგორიად დაყოფილები: ჯალათებად, დამსმენებლებად და მსხვერპლად. დღევანდელი მდგომარეობით უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მიღება შეწყვეტილი აქვთ. დღეს უკვე გრანტის მიღება მთავრობის თანხმობას საჭიროებს. იმთავითვე უაზრო ხდება თხოვნა: „ნება მომეცით, საერთაშორისო გამჭვირვალობა დავაფინანსო“ ან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რადგან პასუხი უარი იქნება.
- თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ე.წ. მდიდარი ენჯეოები მაინც პოულობენ „შავ ხვრელებს“ და სხვა ქვეყნებში რეგისტრირდებიან. იქიდან ხდება მაინც ფულის შემოტანა და დაფინანსება. როგორ ფიქრობთ, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია იგივე ხვრელების პოვნა? გამოსავალი როგორ უნდა იპოვოს ან ხელისუფლებამ, ან არასამთავრობო სექტორმა?
- მე არა მგონია, ამ კანონით ამ ყველაფრის გაჩერება შეძლონ. ეს კანონი თუ სრულად იქნა მიღებული და აღსრულებული, მაშინ ჩათვალეთ, რომ ის მსხვერპლები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ჩვენ ყველანი ვიქნებით - ისინიც, ვინც ხმამაღლა აპროტესტებენ, ისინიც, ვინც ვერ ბედავენ გაპროტესტებას და ხელისუფლების მომხრეებიც. სუყველა ამ მსხვერპლის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ავიღოთ ასეთი მაგალითი: ჩემმა დისშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქეა, მკურნალობისთვის ფული გამომიგზავნა. თუმცა ერთი თვის შემდეგ, მაგალითად, როგორც გაბრაზებული ლექტორი, უნივერსიტეტების ამ აბსურდული კანონის გამო ქუჩაში გავედი და გავაპროტესტე. მე უკვე კანონდამრღვევი გამოვდივარ, ანუ ამის გამო შესაძლოა, დამაკავონ. წარმოიდგინეთ, რა აბსურდზე ვსაუბრობთ. ახლა ვთქვათ, როგორ შეიძლება იგივე მაგალითით გვერდი აუაროთ კანონს: ჩემს დისშვილს თავისუფლად შეუძლია გამომიგზავნოს ფული ისე, რომ ხელისუფლებამ ვერ გაიგოს. გამოატანოს ვინმე საქართველოში წამოსულ თანამემამულეს, რომელიც ამ ფულს გადმომცემს. ან ისე დაარეგისტრიროს, რომ მისია და მან დახარჯა. წარმოიდგინეთ, აქაც კი „შავი ხვრელების“ პოვნაა შესაძლებელი. ამიტომ, როგორც ტროტუარზე დგომის გამო ხალხის დაჯარიმების კანონმა ვერ იმუშავა, ისე ეს კანონი ვერ იმუშავებს. ხალხს რაც უფრო აუკრძალავენ, მით უფრო ეცდებიან გამოსავალი იპოვონ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ვახტანგ ხმალაძე




