Logo

“ვაქცინის მოპოვება ძალიან რთულია და ამაზე დიდი მარათონია, მაგრამ არის თუ არა მოსახლეობა მზად იმისთვის, რომ აიცრას?”

საზოგადოება
567
Frontnews image description

ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ, სანამ ავტორიზირებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში, არასერიოზულია – ამის შესახებ ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა განაცხადა. 

"ჩინურ ვაქცინას არ აქვს არც ამერიკული და არც ევროპული ავტორიზაცია. ჩვენ არ შეიძლება გადავწყვიტოთ ეს საკითხი რაღაც სტიგმებზე დაყრდნობით. სტიგმა არის ასეთი, რომ ჩინური არ ასოცირდება მაღალ ხარისხთან, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. უბრალოდ, გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ ჩინურ ვაქცინაზე არ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის კვლევები, ძალიან დიდხანს შედეგები გასაიდუმლებულივით იყო. ჩინეთმა ფაქტობრივად მოსახლეობა აცრა ისე, რომ მისი ვაქცინის დეტალები არავინ იცოდა. არც დღესაა ჩინური ვაქცინა ავტორიზებული. მე პირადად, ვენდობი მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც FDA გაუწევს რეკომენდაციას, იმიტომ რომ დაახლოებით ვიცი რამდენად მკაცრია ის მოთხოვნები, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, იმისთვის რომ ავტორიზაცია გაიცეს. ესაა ამოსავალი წერილი და ამას ვურჩევ ხოლმე პაციენტებს", – განაცხადა გეგეჭკორმა "ფორმულას" ეთერში. 

ნანა გეგეჭკორმა ვაქცინაციის პროცესსა და ვაქცინის გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

"ვაქცინის მოპოვება ცალკე საკითხია, ძალიან რთულია და ამაზე დიდი მარათონია, მაგრამ მეორეა, არის თუ არა მოსახლეობა მზად, იმისთვის რომ აიცრას? მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში არ არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომელიც ამ კითხვას გასცემდა პასუხს. შესაბამისად, არ არსებობს კვლევა იმისა, თუ რა შიშები აწუხებს მოსახლეობას, რისი ეშინიათ და რატომ ეშინიათ. ამ კუთხით, საინფორმაციო კამპანია არ არსებობს. ბოდიშის მოხდით ასევე გეტყვით, რომ მედიასაშუალებებშიც ჩვენ ვუყურებთ ცალკეული ცნობილი სახეების შიშების ტირაჟირებას. ეს არ არის სასარგებლო ამ პროცესისთვის, რაც შეიძლება მეტმა პროფესიონალმა უნდა ისაუბროს ყოველ დღე ვაქცინებზე. დიახ, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს თანამოქალაქეებს ვაქცინების გვერდით ეფექტებზე. ეს აუცილებელია, მათ დეტალებში უნდა იცოდნენ რა რისკებთან აქვთ საქმე ვაქცინაციის დროს. ასევე უნდა იცოდნენ, რა არის დაავადების რისკები. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე დრო გავიდა, უკვე ასეულ მილიონს გადააჭარბა ადმინისტრირებული დოზების რაოდენობამ და ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით ბაზარზე არსებული ვაქცინების გვერდითი ეფექტების პროფილი. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კიდეც ორ ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალში, ვაქცინების გვერდითი პროფილების ანალიზი"-განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

თაგები:

Advertisement