Logo

ვასილ პაპავა - რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დასაყრდენს ეძებს, მაგრამ საქართველო ამ როლისთვის არაა მზად

ინტერვიუ
374
Frontnews image description

ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობრივმა რეიდმა ბაქოს მკაცრი პროტესტი გამოიწვია და რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა საფრთხის ზღვარზე დააყენა. კრემლის უჩვეულოდ თავშეკავებული ტონი, ბაქოს მიერ რუსული გავლენის შემზღუდავი ნაბიჯები და რეგიონში ძალთა გადანაწილების პროცესები - ეს ყველაფერი სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ნიშნებად აღიქმება. როგორ აისახება ეს ვითარება საქართველოზე და როგორია თურქეთის როლი რეგიონში გავლენის გადანაწილების პროცესში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტს ვასილ პაპავას ესაუბრა.

- ბოლო დღეებში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივმა რეიდმა ბაქოს მხრიდან მკაცრი საპროტესტო რეაქცია გამოიწვია. რას მიანიშნებს კრემლის ამ საკითხზე უჩვეულოდ ლოიალური ტონი და რამდენად რეალურია რუსულ-აზერბაიჯანული კონფრონტაციის გამწვავება?

- დიახ, ვიცით, რომ ამ რეიდის დროს ორი ადამიანი - ძმები საფაროვები დაიღუპნენ. ბაქომ ეს შემთხვევა ეთნიკურ წმენდად აღიქვა, რაც უსაფუძვლო არ არის. რუსეთის ფედერაციაში მრავალი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, რომლებიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში არიან, თუმცა მხოლოდ აზერბაიჯანელებზე მიტანილი რეიდი, ბუნებრივია, ბაქოს მხრიდან აღიქმება მიკერძოებულად.

კოორდინირებული ღონისძიებების შემთხვევაში, რომლებიც სხვა ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც შეეხებოდა, აზერბაიჯანის რეაქცია შესაძლოა, ასეთი მძაფრი არ ყოფილიყო. ბაქომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯები გადადგა , რადგან გააუქმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ვიზიტი, შეაჩერა კულტურული ღონისძიებები, ჩატარდა ჩხრეკა "სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში, რამდენიმე ჟურნალისტს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ბრალად წაუყენეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს საქმე უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება განზრახ მკვლელობისა და წამების მუხლებით.

კრემლი კი, ბაქოს მიუხედავად ასეთი მკაცრი რეაქციისა, თავს იკავებს. მხოლოდ სინანულის გამოხატვა გაისმა, ისიც არაოფიციალურად. მოსკოვს არ სურს, ვითარება ორ სახელმწიფოს შორის ღია დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს ალიევთან კონფლიქტი არ აწყობს. მით უმეტეს, როცა რეგიონში პოზიციები ისედაც შესუსტებული აქვს. უკრაინაში ომის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა. გავლენა სომხეთზეც დაკარგა და ახლა ცდილობს, პოზიციების შენარჩუნებას. მე არ ველი, რომ ეს ვითარება ღია კონფლიქტში გადაიზრდება. ალიევმა პუტინს უჩვენა, რომ დამოუკიდებელია და არც არაფორმალური "უმცროსი პარტნიორის" როლს იღებს. ეს ხაზს უსვამს მის რეგიონულ ამბიციებს. ასეთ ფონზე, რუსეთი ერიდება მკვეთრ ნაბიჯებს.

- ცნობილია, რომ ბაქო ნაბიჯ-ნაბიჯ ზღუდავს რუსულ გავლენას საკუთარ ტერიტორიაზე – საუბარია რუსულენოვანი სკოლების შესაძლო დახურვაზეც. როგორ შეაფასებთ ამ ტენდენციას და რას უკავშირდება ბაქოს ასეთი მკვეთრი პოლიტიკა?

- ქრონოლოგიურად თუ დავაკვირდებით, ბაქო თანმიმდევრულად ზღუდავს რუსეთის გავლენას. პირველ ეტაპზე ეს მისი ტერიტორიის განმტკიცებით დაიწყო, შემდეგ კი ყარაბაღის დაბრუნებით და რუსეთის ე.წ. სამშვიდობოების გაყვანით გაგრძელდა. რუსეთის გავლენის შეზღუდვის პროცესში შედის რუსულენოვანი სკოლებისა და კულტურული ცენტრების დახურვაც, რაც აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრულ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაწილია.

ეს ყველაფერი ხორციელდება თურქეთის მძლავრი მხარდაჭერით. უკრაინის ომმა და საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის მდგომარეობა რეგიონში, რასაც აზერბაიჯანი კარგად იყენებს. რუსული ენის შეზღუდვა და სკოლების დახურვა დერუსიფიკაციის პროცესის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულად საუბრობს, ეს პოლიტიკა მიმართულია ეროვნული ინტერესების გაძლიერებისკენ და ბუნებრივად ზრდის დაძაბულობას რუსეთთან.

- რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობამ საქართველოზე – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კრემლი გვთავაზობს 'ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანში ჩართვას და ააქტიურებს 3+3 ფორმატს?

- 3+3 ფორმატს ამ დაძაბულობის ფონზე გარკვეული გაურკვევლობა დაეტყო. არ უნდა დაგვავიწყდეს გროზნოს თავზე აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტიც. მაშინაც რუსეთმა ბოდიში არ მოიხადა, არც კომპენსაცია გადაუხდია, რაც აზერბაიჯანში მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აჩენს. ასეთი ფონი სერიოზულად აზიანებს ფორმატის პერსპექტივას.

არსებობს შანსი, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დარეგულირებისთვის, თუმცა კრემლის რეალური სტრატეგია ამ მხრივ ჯერ გაურკვეველია. ჩემი აზრით, 3+3 ფორმატი დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- რამდენად რეალურია, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ახალი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში – მით უმეტეს, როცა სომხეთთან ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო ბაქო აშკარად გაურბის კრემლის გავლენას?

- ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. მართალია, რუსეთი ეძებს ახალ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ საქართველოსთან ასეთი პარტნიორობის მოლოდინი რეალისტური არ არის. ტერიტორიების ოკუპაცია და ქართველი საზოგადოების მკაფიო უარყოფითი განწყობა არ იძლევა იმ საფუძველს, რომ საქართველო რუსეთთან პარტნიორობაზე წავიდეს.

რა თქმა უნდა, კრემლი არ იტყვის უარს, თუმცა ასეთი სცენარის რეალიზება რთულია. ვერცერთი ხელისუფლება საქართველოში ვერ გაბედავს ნაბიჯს, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას გულისხმობს. პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეალობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია. საქართველო რუსეთისთვის ვერ იქნება ახალი პარტნიორი და ვერ შეძლებს სომხეთის და აზერბაიჯანის ჩანაცვლებას.

- როგორ შეაფასებთ ანკარას როლს მიმდინარე მოვლენებში – აზერბაიჯანისადმი გამოხატული მხარდაჭერის ფონზე და ძალთა ბალანსის ახალი კონფიგურაციის კონტექსტში?

- ბოლო 20 წელია, თურქეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში მკვეთრად გაიზარდა. უკრაინის ომის ფონზე რუსეთის გეოპოლიტიკურმა ვაკუუმმა შექმნა სივრცე, რომელიც თურქეთმა, როგორც რეგიონულმა ძალამ, წარმატებით შეავსო. ანკარა მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

თურქეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს ყველა მიმართულებით. თუ სომხეთთან თურქეთმა შეძლო სამშვიდობო შეთანხმებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს რეგიონში. ანკარა ცდილობს, არ შევიდეს ღია დაპირისპირებაში რუსეთთან და ფრთხილ, მაგრამ თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს.

საერთო ჯამში, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში ძალთა გადანაწილების მთავარი ბენეფიციარია, თუმცა მისი გავლენა დამოკიდებულია არა მხოლოდ საკუთარ მიზნებსა და აქტივობაზე, არამედ დასავლეთისა და რეგიონის სხვა მოთამაშეების პოზიციაზეც. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement