ვასო ურუშაძე – აშშ-სა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას პირდაპირი ფრენების დაწყება მოჰყვება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-სა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას პირდაპირი ფრენების დაწყება მოჰყვება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
“ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის არის შანსი სწრაფი ეკონომიკური განვითარების.
აშშ-სა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყება, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას და თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს აუცილებლად მოჰყვება პირდაპირი ფრენების დაწყება თბილისიდან შეერთებული შტატების მიმართულებით.
საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და დიდ ბრიტანეთთან, იდეას, საქართველო გახდეს სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური ჰაბი რეგიონში, რეალობად აქცევს.
ჩვენს წინაშე იხსნება უდიდესი შესაძლებლობა, ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ეკონომიკური კარიბჭე მთელს რეგიონში, საქართველომ აღიდგინოს ისტორიული ფუნქცია და გახდეს უსაფრთხოების გარანტი ახალი აბრეშუმის გზის ფორმირების პროცესში.
ისტორიული პერსპექტივის გამოყენების შემთხვევაში საქართველოში შეიქმნება ათიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, მყისიერად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციეები, რაც მოახდენს ეროვნული ვალუტის გამყარებას და ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მკვეთრ შემცირებას.
ჩვენს წინაშეა არჩევანი ნათელსა და ბნელს შორის, ვიყოთ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ძლიერი სახელმწიფოთი და მდიდარი მოქალაქეებით ან აღმოვჩნდეთ რკინის ფარდის მიღმა, ვიქცეთ რუსეთის უკანა ეზოდ, სადაც იქნება სიღარიბე, კორუფცია და კრიმინალი”, – აცხადებს ურუშაძე.
თაგები:
ვასო ურუშაძე