ვასო ურუშაძე - იმედია, ოდესღაც მივაღწევთ იმას, რომ ნორმალური მმართველობა გვექნება, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და მათ სიცოცხლეზე

ავტორი
Front News საქართველო
იმედია, ოდესღაც მივაღწევთ იმას, რომ ნორმალური მმართველობა, ნორმალური სახელმწიფო გვექნება, რომელიც ზრუნავს არა ჯარიმების და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, არამედ ადამიანებზე და მათ სიცოცხლეზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ჯარიმის საფასურის გაზრდა ეს არ არის ეფექტიანი გზა ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად და საჭირო ღონისძიებები უნდა გატარდეს.
"კახა კალაძეს ჰქონდა დაპირება, რომ თბილისის მასშტაბით დაახლოებით 10 ადგილზე უნდა აშენებულიყო მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურა - დაწყებული ფილარმონიიდან, ვაკე, გლდანის მეტრო, ვარკეთილის მეტრო, დინამოს მოედანი. არცერთი ეს დაპირება არ შესრულებულა, არცერთი ეს ადგილი არ აშენებულა, ერთადერთი პარკინგი გააკეთა კალაძემ, რასაც ვერ დავუკარგავთ და ეს არის მარშალ გელოვანის გამზირი, სადაც უნდა აშენებულიყო ხიდი, რომელიც მოძრაობას ძალიან განტვირთავდა და იქ, სადაც უნდა აშენებულიყო ხიდი, დღეს არის საჯარიმო პარკინგი. ეს არის სახე მათი მმართველობის. თანაც, გაზრდილია ავტომობილის გამოსყიდვის თანხაც.
იმედია, ოდესღაც მივაღწევთ იმას, რომ ნორმალური მმართველობა, ნორმალური სახელმწიფო გვექნება ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს არა ჯარიმების და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, არამედ ადამიანებზე და მათ სიცოცხლეზე. ჯარიმის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრევენცია იყოს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის. როცა ვხედავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები იზრდება და ამის პრევენციისთვის გვჭირდება მკაცრი ჯარიმა, ეს ზომები უნდა მივიღოთ, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ეს მკაცრი ჯარიმები - საფასურის გაორმაგება არანაირ შედეგს არ გაძლევს და იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევა, სიკვდილიანობა, სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ეს არ არის ეფექტიანი გზა და საჭირო ღონისძიებები გატარდეს. ამ შემთხვევაში კი არანაირი ანალიზი არ ტარდება, არ ვიცით, რის გამო ხდება ეს ავტოსაგზაო შემთხვევები, რადგან შსს სტატისტიკას არ აწარმოებს და მხოლოდ აღრიცხვითაა დაკავებული", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე




