Logo

ვაჟა ბერიძე - ჯერ ტრამპის ადმინისტრაციაა ჩამოყალიბების პროცესში და არ იცის, საქართველოსგან რა უნდა

ინტერვიუ
33
Frontnews image description

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი გამოწვევების წინაშე დგას. დასავლეთიდან მომავალი კრიტიკის გამო  "ოცნების“ ხელისუფლებას რამდენიმე მიმართულებით უწევს ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ხელისუფლების ცვლილება მოხდა და მმართველი გუნდის მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ დადებითია, კონგრესსა და სენატში კრიტიკა გრძელდება. ამას ემატება „მეგობრების აქტი“, რომელსაც ამ ეტაპზე სამი სენატორი ბლოკავს და რომელიც მმართველი გუნდის თავზე კვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. რა ვითარებაში იმყოფება საქართველო აშშ-სთან მიმართებაში და რა გავლენას ახდენს რეგიონული პროცესები ამ ურთიერთობებზე? ამ და სხვა საკითხებზე Front News-ის კითხვებს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე პასუხობს.

- ბატონო ვაჟა, როგორ აფასებთ ახლა აშშ-საქართველოს ურთიერთობას, სად ვიმყოფებით?

- რა თქმა უნდა, საკმაოდ საინტერესო ვითარებაა ჩვენ ირგვლივ და საქართველოსთან დაკავშირებით პროცესები საკმაოდ რთულია. ჩვენს რეგიონშიც არაა მარტივი სიტუაცია და ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი და დამოკიდებულება სწორედ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეობს. უკრაინის ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რაც ჩვენი ქვეყნისა და დასავლეთის ურთიერთობაზეც აისახა. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებიც შეიცვალა და შესაბამისად, ვიდრე ახალი ურთიერთობები გამოიკვეთება, ამას დრო სჭირდება.

ჯერ ტრამპის ადმინისტრაციაა ჩამოყალიბების პროცესში და არ იცის, საქართველოსგან რა უნდა. შემდეგ რაღაც სისტემასა და წესებზე შეთანხმება უნდა მოხდეს თავად ამერიკაში. სხვანაირად ურთიერთობა ვერ წარიმართება. ამიტომ, ის სიტუაცია, რაც ახლა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს, მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. ეს პროცესია, რომელიც თავად აშშ-ში მიდის და ჯერ იქ არ არიან ბოლომდე საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულები. „მეგობარი აქტის“ ახლა ამ დონეზე გაყინვა, რომელსაც სამი სენატორი ბლოკავს, არ არის შემთხვევითი. ესეც ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელი პოზიციის გამო ხდება. ამიტომ, მოლოდინები ცოტა გადაჭარბებული გვაქვს. ჩვენ გვინდა ყველაფერი სწრაფად მოხდეს, მაგრამ აშშ-ის ახლა ძალიან ბევრი სხვა შიდა და გარე პრობლემა აქვს, რომელთა შემცირებაზეც მუშაობენ.

- სამხრეთ კავკასიის მიმართ ბოლო დროს აშშ-ის ინტერესი ძალიან მძაფრია და ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დღე-დღეზე შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის შუამავლობით, ხელშეკრულება გაფორმდეს. ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები ვერ იქნება ბოლომდე წარმოდგენილი და შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ამან დააჩქაროს?

- საქმე იმაშია, რომ აშშ-სა და ძველ საბჭოთა ყოფილ ქვეყნებს შორის ის ურთიერთობა აღარ არსებობს, რაც აქამდე იყო. მისი რეანიმირების საშუალება და შანსი ამ ეტაპზე არ ჩანს. აქედან გამომდინარე, თავად ამერიკელებმა, როგორც ვთქვი, ჯერ არ იციან, რა უნდათ საქართველოსგან. ჩვენი ქვეყნის საკითხს ისინი უფრო ფართოდ, ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და სამხრეთ კავკასიის კონტექსტში განიხილავენ.

ეძებენ, რა სახის დანიშნულება შეიძლება მოეძებნოს საქართველოს ამ ეტაპზე. შესაბამისად, თუ ზანგეზურის კორიდორი რეალური გახდა და აშშ-მა მისი გაკონტროლება შეძლო ლოგისტიკური კომპანიის მეშვეობით, მე პირადად ჩავთვლი, რომ აშშ რეგიონში დაბრუნდა. ამით ის თავის პრეტენზიებს სერიოზულად გაახმოვანებს ცენტრალური აზიის მიმართულებით. ეს იქნება ერთი პოლიტიკური სარტყელი ჩინეთთან მიმართებაში. ასევე, ირანთან სამომავლო კონფლიქტის თვალსაზრისით, მისთვის ძალიან ხელსაყრელ პოზიციაზე იქნება. ფაქტია, რომ ზანგეზურის დერეფანი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილია, სადაც ავღანეთიდან გამოძევებული ამერიკის სამხედრო ბაზები გაჩერდებიან. აშშ შეეცდება თავისი გავლენის ინტერესების გატარებას რეგიონში. ამით, პირობითად, ერთი გასროლით უამრავ კურდღელს მოკლავს. ირანთან დაპირისპირებაც რომ გაღვივდეს და სამხედრო ჩარევა გახდეს საჭირო, მარტო ასეთი სტრატეგიული ბომბდამშენების გაგზავნა ირანში საკმარისი აღარ იქნება. ამიტომ, რეგიონში მოკავშირეები არიან საჭირო, რათა ირანზე იერიშის მიტანის კონტექსტში აშშ-ის ზურგის გამმაგრებლები ჰყავდეს.

აქამდე ასეთი ფუნქცია არც აზერბაიჯანს ჰქონდა და არც სომხეთს. ამიტომ, როდესაც ეს შეხვედრა შედგება, ვნახავთ აშშ-ს რა პერსპექტივა ექნება. რეგიონში საქართველო უფრო იყო აშშ-ის მოკავშირე აქამდე, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდა. ამიტომ, საქართველო პლაცდარმად ნაკლებად გამოსაყენებელია. ამიტომ, იმას რასაც „ოცნება“ ეძახის „დიფ სთეითს“, ცოტა უხერხულია, რადგან ამერიკაში ეს ტერმინი და ამაზე საუბარი ძალიან დიდი ხანია, რაც დაწყებულია. შესაბამისად, ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა აშშ-სა და საქართველოს შორის არის, ნამდვილად დიდ გაუგებრობას ქმნის. ამიტომ, სანამ არ გამოიკვეთება საქართველოს როლი და მნიშვნელობა ამ გადანაწილებაში, რასაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ, მანამდე რთულია თქმა იმის, რა როლი გვექნება.

- მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ დასავლეთთან ძალიან დაძაბული სიტუაცია აქვს, ფაქტობრივად ევროპასთან კონფრონტაციაში ვართ შესულები. აგვისტოს ბოლომდე გვაქვს ვადა და გავიგებთ, გვართმევენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას. ამ ფონზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი იცვლება. არ არის პოლიტიკური კრიზისი, რადგან ხელისუფლება ახერხებს ქვეყნის მართვას, არ იმჩნევს თითქოს ამ სანქციებს და ზეწოლას. რატომ ვერ ხდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება, რა ფაქტორები უშლის ამას ხელს?

- დიახ, ქვეყნის შიგნით არაფერი იცვლება იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ეს ცვლილება არ უნდა. ამის კი რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ამის მიზეზი არის ოპოზიციის უუნარობა და მათი მიუღებლობა. შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „ოცნება“ იყოს მიუღებელი, მაგრამ ოპოზიცია კიდევ უფრო მიუღებელია. ისინი ვერ ხედავენ ამ ხელისუფლების ალტერნატივას ოპოზიციურ ფლანგზე. ის ძალები, რომლებიც შესაძლოა, ისევ ხელისუფლებაში ოპოზიციური ფლანგიდან დაბრუნდნენ, ხელისუფლებაში ერთხელ უკვე იყვნენ და მათ მიმართ წარსული საკმაოდ მძიმე ფაქტებით არის დამძიმებული. შესაბამისად, უმარტივესი სიტუაციაა. რა სახის ზეწოლაც არ უნდა წამოვიდეს დასავლეთიდან, „ოცნება“ მანამდე შეინარჩუნებს ხელისუფლებას, სანამ ოპოზიციურ ველზე მათი რეალური შემცვლელი არ გამოჩნდება და ქართველი ხალხი ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ არ მიიღებს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა.

- ოპოზიციას იმედი აქვს, რომ აგვისტოს ბოლოს, თუკი ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ, უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას „მშვიდობიანად დაამხობენ“. შესაბამისად „ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავს. არის თუ არა ეს რეალური მოლოდინი?

- რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ არასერიოზული მოლოდინებია. მაგათ, რომ ჰგონიათ, ეს სხვა თემაა და რეალობა სხვაა. მე, როგორც ერთი ანალიტიკოსი, მოვუწოდებდი მათ, რომ დაბრუნდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვგულისხმობ საპარლამენტო საქმიანობასა და არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ისედაც მძიმე და სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ამიტომ, ასეთი რყევები და რევოლუციურ სცენარებზე საუბარი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. რაც მთავარია, ხელისუფლების წისქვილზე უფრო ასხამს წყალს და ის პოზიციებს საზოგადოებაში კიდევ უფრო იმყარებს.

რევოლუციურ სცენარს ამ ქვეყანაში აღარ აქვს პერსპექტივა და ეს აღარ არის არც 2003 წელი და არც შევარდნაძის ხელისუფლება. ოპოზიციას ასევე არა აქვს ის მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდა. ამიტომ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ვერ გახდება რევოლუციის და ხელისუფლების დამხობის წინაპირობა. ეს არ მოხდება და ამაზე იმედების დამყარება, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არაადეკვატური და თავის მოტყუებაა. თავის მოტყუება იმაზე, რომ ახლა ქართველები ადრე თუ გვიან გაბრაზდებიან და ქუჩაში გამოვლენ, ჩვენ კიდევ ამით ვისარგებლებთ და ხელისუფლებაში დავბრუნდებით - აბსურდია.

- მაშ, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, როგორ დაიბრუნოს ხალხის ნდობა და შეძლოს მათი დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს? ისინი იქნებიან „ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა?

- მე მათ ვურჩევ, რომ პოლიტიკური კლასი შეცვალონ და ბრძოლის მეთოდები ისწავლონ. ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა შექმნან. ახლა, როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდნენ და ცდილობენ წინა პლანზე ახალი და ჯანსაღი თაობა წამოსწიონ. საქართველოში ყველამ უნდა ისწავლოს პოლიტიკაში მოსვლა და შემდეგ წასვლა. ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ვერ გაითვალისწინა და ჰგონიათ, რომ ბოლომდე უნდა იყვნენ, აქვთ გაუსაძლისი ამბიცია, რომ მუდმივად იყვნენ პოლიტიკაში. გაუტეხელი და მშრომელი ქართველი ერი კი არ ცდება. იცის, ვინც ხარ და რასაც წარმოადგენ, მხარს არ გიჭერს, არ გენდობა და ჰა იძახე, რომ ბიძინა და „ოცნება“ რუსია. მერე ამით რა მიიღეს? გაცვდა ეს ნარატივიც და თუ ესენი ცუდები არიან, ხალხი სვამს კითხვას: შენ რით სჯობიხარ ამათ? ამიტომ, თუ პოლიტიკური კლასი არ შეიცვალა, არ გამოჩნდა ახალი ძალები, ვერაფერს იზამენ. სწორედ ამიტომ ებრძვის ახლა „ოცნება“ „ლელოსა“ და გახარიას. სწორსაც შვრება თავის სასარგებლოდ, რადგან მათში ხედავს საფრთხეს, როგორც ალტერნატიულ ძალაში. ამიტომ, სჯობს ოპოზიციამ ამაზე ფიქრი და მუშაობა დაიწყოს.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement