Logo

ვიქტორ ყიფიანი - ქართული ოპოზიციური სპექტრი, რეალურად, გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა, ე.ი. რაღაც მოძველდა და რაღაც ახალზე უნდა გადავეწყოთ

პოლიტიკა
370
Frontnews image description

ქართული ოპოზიციური სპექტრი, რეალურად, გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა, ე.ი. რაღაც მოძველდა, რაღაც ვერ უძლებს კრიტიკას და შესაბამისად, რაღაც ახალზე უნდა გადავეწყოთ, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებმა ბალანსი შეკრა და ბევრი რამ აჩვენა.

"შეუძლებელია, რომ ერთმა თარიღმა რაიმე ცვლილება მოახდინოს, თუმცა ჩვენ იმაზეც ვთანხმდებოდით, რომ კონკრეტული თარიღი შეიძლება რაღაც პროცესიც დასაწყისიც ყოფილიყო. ჩემი აზრით, მიუხედავად იმ მოვლენებისა, ჩვენ მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ და რატომ - იმიტომ, რომ 4 ოქტომბერს შეჯერდა ერთი დიდი ეტაპი საპროტესტო მოძრაობის და 4 ოქტომბერს, როგორც ბუღალტერიაში იტყვიან, ბალანსი შეიკრა თავისი უარყოფითი და დადებითით. რაოდენ უარყოფითიც არ უნდა იყოს და ეს უარყოფითი განცდები, რა თქმა უნდა, არის, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე დადებითი დასკვნა გამოვიტანოთ - რეალურად, ქვეყანა უძრაობის ხანაში არის შესული, ხელისუფლება ვერ ამართლებს მასზე დაკისრებულ მანდატს, რომ ქართული ინტერესები ღირსეულად წარმოადგინოს საერთაშორისო არენაზე, მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელიც ჩვენ გვესმის. ჩვენ ასევე, გავხდით მოწმე იმისა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი, რეალურად, გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა და შეიძლება ჩვენ ამაშიც ვეძებოთ დადებითი დასკვნებისთვის გასაკეთებელი მასალა, რომ ე.ი., რაღაც მოძველდა, რაღაც ვერ უძლებს კრიტიკას და შესაბამისად, რაღაც ახალზე უნდა გადავეწყოთ, როგორც ტექნოლოგიურად, ისე ხელწერისა და მიდგომის კუთხით.

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებთან მიმართებაშიც არ ვიქნებოდი ზომაზე მეტად კრიტიკული არა მარტო იმიტომ, რომ არის გარკვეულწილად მორალური მოსაზრება, რომ ადამიანები დაპატიმრებული არიან, არამედ იმიტომაც, რომ ის, რაც მოხდა, ძალიან "თეთრი ძაფით არის ნაკერი", ალბათ, ეს განცდა თანდათანობით უფრო გამყარდება სხვადასხვა საფუძვლებით.

მე დიდი გულშემატკივარი ქუჩის დემოკრატიის არ ვარ და ქუჩაში მოსახდენი პოლიტიკური პროცესის არ მჯერა, მაგრამ ქართული საზოგადოების წიგნიერი, განათლებული და შეგნებული ნაწილი ედგა ქვეყანაში ცვლილებებს სათავეში", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

Advertisement