ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაეტოვებინა შარლ მიშელის დოკუმენტი იყო მოულოდნელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ამასთან, სასარგებლო – კრემლისთვის.
კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან.
“როგორც წამყვანმა წევრმა ევროპული პარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის ე.წ. დეგის საქართველოსთვის, ამოცანა მივიღე წამყვანი მაღალი დონის მისიაში მონაწილეობისთვის, იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა დიალოგისთვის ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან და გამეზიარებინა ევროპული გამოცდილება. მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი მისია ივლისში იყო გაუქმებული კოვიდის ძალიან მაღალი მაჩვენებლების გამო, მე გადავწყვიტე, ჩამეტარებინა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დელეგაციის სხვა წევრების გარეშე. ამიტომაც ვიმყოფები აქ. ზუსტად ამ მომენტში, “ქართულმა ოცნებამ” გადადგმა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო, მე გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში.
19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტივობებისა საქართველოს პარლამენტში. უფრო მეტსაც გეტყვით, პირველად არ ხდება, როდესაც “ქართული ოცნება” თავის დაპირებას არ ასრულებს. გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას და “ქართულ ოცნებას” ხდის ისეთ სუბიექტად, რომელიც არ არის სანდო. გამართლება შეთანხმებიდან გამოსვლისა, გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული. “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის კარგი დემოსტრაცია ზემოთ თქმულისა. ძალიან გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის, მისი ხალხისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის. ამან სარგებელი მხოლოდ კრემლს მოუტანა. ნათელია, რომ მას შემდეგ რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან”, – აცხადებს კრამონი.
ევროპარლამანტარი “ნაციონალურ მოძრაობასაც” აკრიტიკებს, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
“ასევე, ჭეშმარიტებაა, რომ “ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის” არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, მისცა “ოცნებას” საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი. საქართველოს ხალხი იმსახურებს უკეთეს, ისინი იმსახურებენ პოლიტიკოსებს, ვინც აყენებს ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა. ამიტომაც, მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და იმ ვალდებულებისა, რომელიც მათ აიღეს. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაოა, აკონტროლოს მთავრობა და არა – იყოს გარეთ.
და ბოლოს, ამ კონტექსტში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა, თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში. ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებში შედის, რომ ჩვენმა დამკვირებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში”, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი