ვიქტორია ნულანდი – თუ პუტინი უარყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად


ავტორი
Front News საქართველო
პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
“ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ გითხრათ – თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე პასუხი რუსეთს უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში.
ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის შეთავაზებებს შეისწავლის და მოლაპარაკებებს დაუბრუნდება.
“თუ პრეზიდენტი პუტინი უარყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
ამასთან, ნულანდს ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი მოიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.
“მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – აღნიშნა ნულანდმა.
