Logo

ვლადიმერ ზელენსკი – არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, ეს ომი კიდევ გაგრძელდეს, უნდა ვაიძულოთ, მშვიდობა ეძებოს

უკრაინა
31.03.2022 / 18:30
Frontnews image description

“თუ ამ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, შესაძლებელია ის ნებისმიერი ევროპული ქვეყნის საზღვრებს მიადგეს. რუსეთის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. 

 

“უკვე 36-ე დღეა ჩვენი ერი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს არმიას პირისპირ და მედგრად ებრძვის. რუსეთი უკრაინის, უკრაინელი ერის, თავისუფლებისა და მშვიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად ათწლეულები ემზადებოდა. რუსეთი ყველა რესურსს ჩვენს წინააღმდეგ იყენებს. 

 

რუსები ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ნაცისტები. მათ ჩვენი მარიუპოლელების იძულებითი დეპორტაცია მოახდინეს. ეს ადამიანები რუსეთის ტერიტორიაზე წაიყვანეს. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის შესაჩერებლად. უფრო უნდა გავერთიანდეთ. არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, ეს ომი კიდევ მომდევნო 36 დღე გაგრძელდეს. უნდა ვაიძულოთ, მშვიდობა ეძებოს.

 

ომმა ასობით ბავშვი და ათასობით მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. გაანადგურა ათი ათასობით შენობა. ყველაფერი გაძარცვულია. რუსები ძარცვავენ ყველაფერს, იპარავენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია ადამიანმა თან წაიღოს. ომის მოსაგებად ქალებს ხოცავენ. ცდილობენ ტერორი დათესონ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.

 

მადლობა ნიდერლანდებს მკაფიო მხარდაჭერისთვის. სანქციების დაწესების საკითხში ლიდერობისთვის. მადლობა, რომ რუსულ ბიზნესს უარი უთხარით. თქვენ დროებით გადაადგილებული უკრაინელები შეიფარეთ, რაც დიდი მხარდაჭერა და დახმარებაა. რუსეთი არ ჩერდება და აქტიურ მოქმედებებს აგრძელებს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა განადგურებული და დანგრეული ქალაქების აღდგენაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს მარტო არ დატოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები