ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენ თუ დავეცით, თქვენც დაეცემით, ამიტომაც გამოდით გარეთ და მხარი დაგვიჭირეთ

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, რომ არ დარჩეთ ჩუმად, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველ მოსახლეობას ვიდეომიმართვისას განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა შეკრებილებს თხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ უკრაინის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ ადამიანებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელები დღეს რუსეთის აგრესიისგან არა მხოლოდ თავიან ქვეყანას, არამედ ევროპასაც იცავენ.
“მე სამი წუთი მაქვს ჩემი მიმართვისთვის, ეს პირველი წუთი მე მინდა დავუთმო იმათ, ვინც დაეცა ბრძოლის ველზე, ჩვენს ჯარისკაცებს მეხანძრებს, მფრინავებს, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას და თავისი სიცოცხლე შესწირეს მას. მოდით, თავი დავხაროთ მათი ხსოვნის წინაშე.
მეორე წუთი მინდა დავუთმო ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას, რომლებიც არიან უბრალოდ მოსახლეობა, ეს არის ათეულობით და ასეულობით ადამიანი, მოქალაქეები, ბავშვები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას!
მესამე წუთს გითმობთ თქვენ, ევროპის ხალხებს, მინდა, რომ არ დარჩეთ ჩუმად, გამოხვიდეთ ქუჩაში, დაუჭიროთ უკრაინას მხარი, ჩვენს ბრძოლას, რადგან თუკი უკრაინა ვერ დადგება, ევროპაც ვერ გადარჩება. ჩვენ თუ დავეცით, თქვენც დაეცემით, ამიტომაც გამოდით გარეთ და მხარი დაგვიჭირეთ.
ეს არის გამარჯვება სიცოცხლისა სიკვდილზე, თავისუფლებისა მონობაზე. რასაკვირველია, ევროპა გაიფურჩქნება, ჩვენც გავიფურჩქნებით, ეს იქნება სწორედ ამ გამარჯვებისა და სიმამაცის წყალობით, დიდება უკრაინას. ყველანი თქვენ დღეს უკრაინა ხართ და უკრაინელები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მოსასმენად დღეს რუსთაველის გამზირზე უკრაინული და საქართველოს დროშებითა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას შეძახილებითა და ოვაციებით უპასუხეს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




