ვლადიმერ ზელენსკი – მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „გრემის“ 64-ე ყოველწლიური დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, სიყვარულისა და მუსიკალური ჟღერადობისთვის, მაგრამ რუსულ ბომბებს უკრაინის ქუჩებში სიჩუმე მოაქვს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი მუსიკოსები, სმოკინგების ნაცვლად, ჯავშანჟილეტებს ატარებენ და დაჭრილებს საავადმყოფოებში უმღერიან.
“ომი. რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ იგი დღეს, რომ თქვათ ჩვენი ამბავი. თქვით სიმართლე ამ ომის შესახებ თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად. ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი