Logo

ვლადიმერ ზელენსკი – ოკუპანტები იმდენად სერიოზულ დანაკარგს განიცდიან, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ

უკრაინა
05.03.2022 / 15:22
1351
Frontnews image description

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი ვერ წამოიდგენდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას ახორციელებს ხარკოვის მახლობლად, ასევე პოზიციებს ინარჩუნებს მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და დონბასში.

 

“დღეს ბრძოლის მეათე დღეა. ყველა დღე ერთნაირი გახდა, ყველა დღეს ერთნაირად ვიცავთ სამშობლოს და ერთნაირად ვიბრძვით. არ აქვს მნიშვნელობა დასვენების დღე არის თუ არა, არც იმას, რომელი საათია ან რა თარიღია. ასე მივალთ გამარჯვებამდე.

 

უკრაინული არმია ყველა პოზიციაზე მედგრად დგას. ოკუპანტებზე კონტრშეტევებს ახორციელებენ. აკონტროლებენ ხარკოვს, კიევს, მიკოლაევს, სუმს და ჩერნიგოვს. ოკუპანტები იმდენად სერიოზულ დანაკარგს განიცდიან, რომ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

 

რუსეთის ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია თითქმის 10 000 დაღუპულს. საშინელებაა, რომ ისინი 18-20 წლის ჯარისკაცები არიან – თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი აუხსნეს, რატომ იბრძოდნენ და რატომ იყვნენ უცხო ქვეყანაში. რუსეთს შეეძლო, მათთვის მიეცა სხვა რამ, ნაცვლად სიკვდილისა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნების მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“გუშინ საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს ვესაუბრე. ორივე მათგანის მადლობელი ვარ, განსაკუთრებით კი ანდჟეი დუდას, რომელიც ჩვენი რწმენისა და საქმის ერთგულია. მოვახერხეთ და პოლონეთ- უკრაინის საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან ავიცილეთ. ათასობით უკრაინელი ბავშვი და ქალი მიიღეს. მათ არავინ ეკითხება, საიდან არიან ან რამდენი აქვთ ფული. დღეს ჩვენ პოლონეთთან საზღვარი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სიკეთის მხარეს ერთად ვდგავართ. დარწმუნებული ვარ რომ მალე საფრთხე აღარ იქნება და შევძლებთ რომ ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრათ, სამშობლოში დაბრუნდნენ.

 

მადლობელი ვარ ევროპელების. ასი ათასობით ადამიანები სხვადასხვა ქალაქებში, ბრატისლავაში, ვილნიუსში, ფრანკფურტში, ლიონში, პარიზში, თბილისში და პრაღაში შეიკრიბნენ და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მადლობელი ვარ ამერიკელების, მათ ორპარტიული მხარდაჭერითა და უბრალო მოქალაქეების სოლიდარობით. ამერიკელების 74 პროცენტი უკრაინის ცის დახურვას მხარს უჭერს. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ?! დარწმუნებულები ვარ, რომ მსგავსი მხარდაჭერები არის სხვა ქვეყნებშიც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement