ზაზა შათირიშვილი – ევროკავშირი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ამ ყველაფრის პარალელურად კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი თავისი ევროკომისიითა და მისი პრეზიდენტით ამერიკულ ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ კოლონიზებული და ევროპაში პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც და კორუფციასაც სწორედ ისინი მართავენ, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის წერილში წერს.
“სრული კოლონიზაციის ფონზე, ევროკავშირს წინ მძიმე ეკონომიკური პროცესები ელის. ჩანს, რომ ოლიგარქიული ოჯახები ევროპის ფუნდამენტური ეკონომიკური დასუსტების მიზანს იოლად მიაღწევენ. 2008 და 2014 წლების რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომებით და განსაკუთრებით, უკრაინაში დღეს მიმდინარე ომით ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროკავშირს უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, 2002-08 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა. 2022 წლის მონაცემებით კი, მისი ეკონომიკა მხოლოდ 16,6 ტრილიონია, ანუ ევროკავშირმა ამ 14 წელიწადში ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა, როდესაც იმავე 2008-22 წლებში ამერიკის ეკონომიკა 14,8 ტრილიონიდან 25,5 ტრილიონამდე გაიზარდა. 2023 წლის პროგნოზითაც, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ერთი პროცენტიც არ იქნება და მომდევნო წლებშიც მსგავსი ნეგატიური ტენდენციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.
ქართველებს ევროკავშირი არსებითად სამი ფაქტორის გამო მოგვწონდა. ესაა – ქრისტიანული ტრადიციები, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და განვითარებული ეკონომიკა. დღეს კი, ვხედავთ, რომ ევროკავშირი სამივე ასპექტში ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას:
– ოლიგარქიული ოჯახების მიერ მართული ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად ებრძვიან ქრისტიანულ ფასეულობებს, ეკლესიებს, სამეფო ოჯახებს, ყველაფერს, რაზეც საუკუნეების მანძილზე მყარად იდგა ევროპული ცივილიზაცია და ცდილობენ, შექმნან მორალისგან დაცლილი, სტერილური საზოგადოებები, როგორიც ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროსა“ და ჯორჯ ორუელის „1984-ში“ არის აღწერილი;
– დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირში განსაკუთრებულ კრიზისს განიცდის: ამერიკელი ოლიგარქების მიერ არის მიტაცებული ევროკავშირის სუვერენიტეტი, ევროპარლამენტი და აღმასრულებელი სტრუქტურები. სადაც ოჯახების ინტერესები ჩნდება, სრულიად დაუცველია საკუთრების უფლება. მოქმედებს მედიის ტოტალური ცენზურა და ხელყოფილია სიტყვის თავისუფლება, რაც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის ძარცვის საქმეში ძალიან კარგად გამოჩნდა;
– ევროკავშირის ქვეყნებს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების დონის მიღწევის საშუალება 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მისცა. თუმცა, როგორც კი ევროპას მშვიდობა ხელოვნურად დაურღვიეს, ევროკავშირის ეკონომიკა ერთ ადგილზე გაიყინა, მომდევნო წლებში კი, მისი უკუსვლაც არის მოსალოდნელი. ამასობაში, ევროპელებს რუსულ გაზსა და ნავთობზე ბევრად უფრო ძვირად უწევთ ამერიკული გაზისა და ნავთობის შეძენა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად, არამედ ევროპული მრეწველობის ამერიკაში შეუქცევად გადატანასაც განაპირობებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური სხვაობა უახლოეს წლებში შეიძლება სრულადაც კი აღმოიფხვრას.
რომ შევაჯამოთ, ევროკავშირი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია: სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი და ევროკომისია, კორუფცია ევროსტრუქტურებში, ტოტალურ ცენზურას დაქვემდებარებული ევროპული მედია, ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია, ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, მასობრივი მიგრაცია და ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკური სტაგნაცია – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სწორედ ასეთი ევროკავშირის საპირწონედ გვთავაზობენ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას, სასამართლო სისტემის გადაცემას, ნაცმოძრაობის თაოსნობით აგენტოკრატიის დაბრუნებას, რაც უპირობოდ საქართველოში ავტორიტარიზმის აღდგენას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ბიზნესის ძარცვას, საყოველთაო რეპრესიებს, სამშობლოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას, ქვეყნის ცივილიზებულობის ერთადერთ საზომად გეიაღლუმის გამოცხადებას და რაც მთავარია, მშვიდობის დარღვევას გულისხმობს. იმ ყველაფრის გამეორება, რაც საქართველოს აგენტურის მმართველობამ 2004-12 წლებში უკვე მოუტანა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რაც მთავარია, აუცილებელია სტერეოტიპებისგან განთავისუფლება იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის თვითმიზანმა ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის თვითგანადგურებამდე არ მიგვიყვანოს“, – წერს ზაზა შათირიშვილი.
თაგები:


ზაზა შათირიშვილი – აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დუმილს ინარჩუნებს, ამ დუმილს ერთადერთი ახსნა აქვს, “დიფ სთეითმა“ არ იცის, რა უნდა გააკეთოს

შათირიშვილი – როდესაც ქართველი გქვია და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენგან იმ საქმეში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს გასაწირ პაიკად ქცევას ითვალისწინებს, არავითარი გამართლება არ აქვს

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს აქვს დაცული მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული