ზაზა შათირიშვილი - დიახ, ელჩები თავხედები არიან, მაგრამ კიდევ უფრო თავხედები არიან მათი პატრონები, ხოლო ელჩები ანარეკლია მათი მთავრობების


ავტორი
Front News საქართველო
კონკრეტული ქვეყნის ელჩები დღეს კიდევ უფრო უტიფრად, „დიფ სთეითის“ დავალებებით ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას, ადგილზე მოქმედ აგენტურას მაქსიმალურად ასაზრდოებენ, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
"გარკვეული პერიოდის წინ, მე გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩებსა და საელჩოებზე, რომელშიც საუბარი მქონდა უცხო ქვეყნის თანამშრომლებისათვის რაოდენობრივი ლიმიტის დაწესებაზე, რამეთუ საელჩოები, ნაცვლად დიპლომატიური სამსახურისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, შესაბამისად დიპ სტეიტის მცირე ფილიალებად არის ქცეული.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მდგომარეობა არათუ დადებითისკენ შეიცვალა, პირიქით, დღეს კიდევ უფრო ღიად და უტიფრად, კონკრეტული ქვეყნის ელჩები საქართველოში დიპ სტეიტის დავალებებით მოქმედებენ, დაუფარავად ებრძვიან საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას, ადგილზე მოქმედ აგენტურას მაქსიმალურად ასაზრდოებენ.
მხოლოდ გასული 3 დღის განმავლობაში:
ჰოლანდიის ელჩად წოდებული მელინე არაკელიანი ფარულად შეხვდა ელენე ხოშტარიას საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თანაც მას შემდეგ, რაც ხოშტარიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
გერმანიის ელჩად წოდებულმა პეტერ ფიშერმა ჯერ შეურაცხმყოფელი წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებაში მხოლოდ გვარით მოიხსენია (რაც დიპლომატიური ეთიკის უხეში დარღვევაა), ხოლო შემდეგ საკუთარ მინისტრთან ერთად დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა.
ბრიტანეთის საელჩოში ასევე ფარულად იმყოფებოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, გიგა ბოკერია და გია ბარამიძე, რაც შემთხვევით გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის. თუმცა, საელჩოდან გამოსულმა ბარამიძემ არ დამალა, რომ ბრიტანელებს დიპ სტეიტის ფილიალში, იგივე საელჩოს შენობაში 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ესაუბრა...
ევროკავშირის ელჩად წოდებულმა პაველ ჰერჩინსკიმ უკვე მერამდენედ, დააფინანსა და იპარტნიორა ადამიანთან, რომელიც ამართლებს პოლიტიკურ მკვლელობას, ცინიკურად საუბრობს ადამიანის გარდაცვალებაზე და წარმოადგენს ენჯეოს, რომელიც გამუდმებით თესავს სიძულვილს, ხოლო ხალხს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს...
აღარ ჩამოვთვლი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რადგან მათი მხრიდან იმდენად გათავხედებულ ქმედებებს ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ, რომ ელჩების დონეს დიდი ხანია გასცდნენ და პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრები, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნის პირველი პირები არიან ჩართული ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიაში.
ამ დიპლომატიური თავხედობის პარალელურად, ქართული საზოგადოება ხედავს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღად ქმედებენ სხვა ქვეყნის საელჩოები და ელჩები. არავის სმენია, ქვეყნის შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში ჩარეულიყოს უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგემლობა. ისინი განუხრევლად იცავენ ვენის კონვენციას და ქვეყანათა შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.
ეს კონტრასტი კიდევ ერთი მკაფიო სამტკიცია იმისა, რომ ფიშერი, არაქელიანი, ჰერჩინსკი, უორდი და კიდევ რამდენიმე, ეგრეთ წოდებული დიპლომატი პირდაპირ დიპ სტეიტის აგენტები არიან, მათი ანტიქართული ქმედება ერთი ერთში ემთხვევა პასპორტით ქართველი ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებებს, რადგან დავალებებს ერთი ცენტრიდან, დიპ სტეიტისგან იღებენ.
ხსენებული ელჩები და საელჩოები, იგივე დიპ სტეიტის მცირე ფილიალები მიზანმიმართულად ახალისებენ ძალადობას, რადიკალიზმს და დაპირისპირებას, აღვივებენ შუღლს საზოგადოებაში და პარალელურად, ადგილზე ამაგრებენ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მათი აგენტურა დასვან - რაც არის ამ ეტაპზე დიპ სტეიტის მთავარი ამოცანა საქართველოში.
საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან დიპ სტეიტის მიერ, ხოლო ამ ორ ქვეყანას თავადაც გამალებით ებრძვიან, რათა როგორმე აგენტურის მმართველობა დააფუძნონ. ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას, მათ გაძევებას არანაირი აზრი არ აქვს - როდესაც მისი დამნიშნავი მთავრობა, ქვეყანა რომელსაც ისინი წარმოადგენენ - მთლიანად დიპ სტეიტის მიერ მართულია. ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი.
დიპ სტეიტის მიერ მართული ბიუროკრატია ბრიუსელში იმედია, მალე ჩაბარდება წარსულს და ამიტომ, ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა გავაფუჭოთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დიახ, ელჩები თავხედები არიან, მაგრამ კიდევ უფრო თავხედები არიან მათი პატრონები, ხოლო ელჩები ანარეკლია მათი მთავრობების. ისინი კარგად აჩვენებენ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არიან მათი ქვეყნები და ამ მძიმე, აგენტურული მოცემულობის პირდაპირი გამოხატულებები არიან, საბოლოოდ კი ყველა ერთად აჩვენებს, თუ რა მძიმე დღეშია ევროპული ბიუროკრატია.
საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, რამეთუ გაცნობიერებული აქვს, რომ ელჩის ქმედება პირდაპირი ანარეკლია მისი ხელისუფლების, მისი მთავრობის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გონივრულია გადაწყვეტილება, რომ არ ხდება მათთან კონფრონტაცია და რადიკალური ზომების მიღება, რაც როგორც აღვნიშნე, არანაირ შედეგს არ მოიტანს გარდა იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს. საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივად უნდა გააგრძელოს მეგობრობა ქვეყნებთან. მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ დიპ სტეიტის მიერ მართული კონკრეტული მთავრობები და ქვეყანა, ამ ქვეყნის არაჩვეულებრივი ხალხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაფუჭოთ ქვეყანათაშორისი მრავალწლიანი მეგობრობა.
მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ, როგორ უსამართლოდ გვექცევიან ბალტიისპირეთის მთავრობები, სკანდინავიის მთავრობები, როგორ უსამართლოდ იქცევა ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. უფრო მეტიც, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი დიპ სტეიტის მიერ „დაპყრობილი“ ქვეყნების ხალხებისთვის, თუ როგორ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და რადგან ევროპაში საზოგადოების გამოფხიზლების მცირე, იმედის მომცემი ნიშნები იკვეთება, როდესაც ხალხი შეძლებს და გაათავისუფლებს საკუთარ ქვეყნებს დიპ სტეიტის მარწუხებისგან, მათ ბოდიში ექნებათ მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე, ხოლო ჩვენ ბოლომდე პირნათელი ვიქნებით", - წერს შათირიშვილი.
თაგები:
ზაზა შათირიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს