Logo

ზაზა შათირიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ელჩები ყველაფერნი არიან, გარდა დიპლომატებისა

პოლიტიკა
7 საათის წინ / 11:19
147
Frontnews image description

 ზოგადად, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს და აცნობიერებს, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ყველაფერნი არიან, გარდა დიპლომატებისა. უმეტესობა მათგანი, განსაკუთრებით დიფ სთეითის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მიერ მართული ქვეყნებიდან დანიშნული „დიპლომატები“ უხეშად ერევიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, სრულ კოორდინაციაში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან და უფრო მეტიც, ისინი სრულად აკონტროლებენ პატრონების დავალებით ე.წ ოპოზიციას, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

"მაგალითები უამრავია. სულ ბოლოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულმა გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ გადადგომამდე მას ჰქონდა კომუნიკაცია კელი დეგნანთან, ისაუბრეს ყველაფერზე, მათ შორის ნიკა მელიას დაკავებაზე, ხოლო ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ყოფილმა პრემიერმა გუნდის ღალატის უპრეცედენტო აქტი ჩაიდინა და ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით თანამდებობიდან გადადგა“, - წერს ის.

შათირიშვილი ამერიკის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ „კელი დეგნანი ასრულებდა იმ დავალებას, რასაც დიფ სთეითისგან პირდაპირი ხაზით იღებდა, მაგრამ ცხადია, ეს გარემოება არ ამართლებს „დიპლომატის“ გაცხოველებულ მცდელობას, რომ როგორმე საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაეყოლიებინა „რუსეთისათვის პრობლემების შექმნაზე“.

"აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული კელი დეგნანი საქართველოში ბევრ სხვა სკანდალში გაეხვა. ის მუდმივად ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით კი ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გახდა თვალსაჩინო. მაშინ, როდესაც ამერიკიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგებიც კი გააყალბა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოყვა, ელჩმა ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა მინიმუმ ერთი თვე მალავდა ამ სკანდალურ ფაქტს და ისე მართავდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და მის მიერ კონტროლირებულ ოპოზიციას შორის, რომ ამ ფაქტზე სიტყვა არ დასცდენია.

ამის შემდეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომი და ჩვენს სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, სადაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ საკვანძო როლს სწორედ კელი დეგნანი ასრულებდა. მხოლოდ იმ სკანდალური ფაქტის ანალიზი, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა და პოლიტიკიდან გასულ ადამიანთან 3 საათის განმავლობაში დაჟინებით ითხოვდა პოლიტიკაში შემოსვლას და ანტიქართული ნაბიჯების გადადგმას, საკმარისია შესაბამისი დასკვნების გამოსატანად. ყველა კარგად ვხვდებით, რომ კელი დეგნანი ასრულებდა იმ დავალებას, რასაც დიფ სთეითისგან პირდაპირი ხაზით იღებდა, მაგრამ ცხადია, ეს გარემოება არ ამართლებს „დიპლომატის“ გაცხოველებულ მცდელობას, რომ როგორმე საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაეყოლიებინა „რუსეთისათვის პრობლემების შექმნაზე“. ამ ქალბატონის კიდევ ერთი, არანაკლებ სკანდალური ამბავი ბაკურიანის ცნობილ ტრენინგსაც უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ აშშ - ს საელჩოს ხაზით საქართველოში პიტერ აკერმანი ჩამოიყვანეს. ეს ადამიანი ცნობილია, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების და გადატრიალებების მოწყობის სპეციალისტი. აკერმანმა სწორედ საელჩოს და ელჩი დეგნანის დავალებით და ორგანიზებით ბაკურიანში საიდუმლო ტრენინგი ჩაუტარა ასევე აშშ-დან დაფინანსებულ NGO ორგანიზაციებს, შეხვედრის შემდეგ გამართულ ვახშამს კი თავად დეგნანიც ესწრებოდა. თუმცა, ამ სკანდალური ტრენინგის შემდეგ რევოლუციის ცნობილი სპეციალისტი მალევე გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ, ვინ მოსთვლის, მერამდენე გადატრიალება აიცილა თავიდან.

ჩამოთვლილი მაგალითების გარდა, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩების ანტიქართული ქმედებები უამრავია და ყველაფერი ზედაპირზე დევს. კელი დეგნანზე არანაკლებ სახიფათო საქმიანობას ეწევიან ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და სკანდინავიისა საელჩოები, თუმცა სამწუხაროდ, აქამდე არც ერთ მათგანს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ზღვარგადასული და კომპეტენციის ფარგლებიდან შორს გასული ქმედებების გამო. მართალია, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ხშირად, დიპლომატიურად და ფრთხილად მიუთითებს ანტიქართული ქმედებებით ცნობილ დიპლომატებს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, მაგრამ ცხადია, ეს მოწოდებები არაფრისმომცემია“, - წერს შათირიშვილი.

Advertisement