ზელენსკი - ამ რთულ გეოპოლიტიკურ მომენტში აგრესორი უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი ბოროტებისკენ ყურადღების მიპყრობას ცდილობს

ავტორი
Front News საქართველო
13 მაისს, უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა. რუს დიქტატორს სურს, დაჩრდილოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რა თქმა უნდა, არ შეიძლება დამთხვევა ვუწოდოთ იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მასიური თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება - ვიზიტით, რომელსაც ბევრი ელოდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, "ამ რთულ გეოპოლიტიკურ მომენტში“ აგრესორი ქვეყანა ცდილობს გააფუჭოს საერთო პოლიტიკური ფონი და "ყურადღება მიიპყროს საკუთარ ბოროტებაზე“ უკრაინელების სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურის ხარჯზე.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსები ჩვენი რეგიონების წინააღმდეგ „შაჰედების“ ტალღებს უშვებენ და განსაკუთრებით მიზანში იღებენ იმ რეგიონებს, რომლებიც ნატოს ქვეყნების საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. უკვე დაფიქსირდა დარტყმები იმიერკარპატებში, ლვოვის ოლქში, ვოლინის ოლქში, ასევე ივანო-ფრანკოვსკსა და როვნოს ოლქში. სამწუხაროდ, დარტყმები იყო ბევრ სხვა რეგიონშიც. ამ დროისთვის ცნობილია ათეულობით დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ბავშვებიც. სამწუხაროდ, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღის დასაწყისიდან უკვე დაფიქსირდა, სულ მცირე, 800 რუსული დრონი და შეტევა კვლავ გრძელდება. ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ახალი დრონები კვლავ შემოდიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთმა დაიწყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული ობიექტებისა და სამთავრობო შენობების წინააღმდეგ ხანგრძლივი დარტყმების სერია.
თავდასხმა მოიცავს რამდენიმე თანმიმდევრულ ტალღას, რომელშიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ დრონები, არამედ რაკეტებიც. ეს ტაქტიკა მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვას და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




