Logo

ზელენსკი - არანაირი ზეწოლა არ უნდა შემცირდეს, ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი დაუსჯელად გრძნობს თავს

უკრაინა
4 საათის წინ / 22:58
168
Frontnews image description

დღეს საღამოს რუსებმა ხარკოვზე ორი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად, ქალაქში უკვე 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, კიდევ ერთი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ხარკოვში გავუწიეთ დახმარება იმ ხალხს, ვინც რუსული ბომბებით დაშავდა. ეს იყო სასტიკი დარტყმა ქალაქზე შუა დღეს და ფაქტობრივად ეს დღეები ისინი ჩვენს ქალაქ ხარკოვს უტევდნენ. გუშინ ღამით ხარკოვზე მასშტაბური დრონით დარტყმა განხორციელდა, ახლა კი - საჰაერო ბომბებით. ერთ დღეში ათობით ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის ეს დარტყმები არის არა "პასუხი", არამედ დარტყმები განადგურებისთვის - სიცოცხლის განადგურებისთვის. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინიდან ყველაფრის ძვირფასის გატანა აინტერესებს.

"მათ სიცოცხლის სრული განადგურება სურთ. ოკუპირებული ტერიტორიის აბსოლუტურად ყველა ქალაქსა და სოფელში ნამდვილად ნათელია, თუ რას ნიშნავს რუსეთის მოსვლა. ოკუპანტებს ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის სამხედრო ინფრასტრუქტურა და მათი შესაძლებლობა, უკრაინიდან გაიტანონ ყველაფერი ღირებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, 11 წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მიწაზე მხოლოდ ერთი რამ მოიტანა - ნგრევა და სიკვდილი.

მისივე თქმით, რუსები ომის გასაგრძელებლად ემზადებიან, უგულებელყოფენ სამშვიდობო წინადადებებს, ამიტომ რუსეთზე არანაირი ზეწოლა არ უნდა შემცირდეს - რუსეთის ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს.

"ამის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე თვალის დახუჭვა. და ეს არ არის რაიმე სახის თამაში. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი დაუსჯელად გრძნობს თავს. რუსეთი მკაცრად უნდა იყოს იძულებული მშვიდობისკენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement