ზელენსკი - აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომი ივნისამდე დასრულდეს და ზეწოლას მოახდენს

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები მხარეებს სთავაზობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ზაფხულის დასაწყისამდე დაასრულონ და შესაძლოა, ამ გრაფიკის შესაბამისად დიპლომატიური ზეწოლა განახორციელონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკული მხარე გამოთქვამს ომის დაახლოებით ივნისამდე დასრულების სურვილს და მუშაობს მოლაპარაკებების პროცესისთვის მკაფიო გრაფიკის შემუშავებაზე.
"ამერიკელები გვთავაზობენ მხარეებს, ომი ზაფხულის დასაწყისამდე დასრულდეს და სავარაუდოდ, ორივე მხარეზე ზეწოლას ამ გრაფიკის შესაბამისად განახორციელებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის პოზიციაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს შიდა პოლიტიკურმა ფაქტორებმა, განსაკუთრებით კი მომავალმა საარჩევნო პროცესმა და კონგრესის მუშაობამ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ მიუღია არანაირი სიგნალი აშშ-ის მოლაპარაკებების პროცესიდან შესაძლო გასვლის შესახებ, თუ ომი გარკვეულ ვადაში არ დასრულდება.
"მოლაპარაკებათა ჯგუფისგან ასეთი მინიშნება არ მიმიღია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, ამერიკელები არ გავიდნენ", - აღნიშნა მან.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფნა მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი ხანია, სთავაზობს მკაფიო, ეტაპობრივი გეგმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა ქმედებებს და შეთანხმებების განხორციელების ვადებს.
"ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაიგოს, რაზე თანხმდებიან მხარეები და რა ვადებში. ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება და უსაფრთხოების გარანტირება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




