Logo

ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა

უკრაინა
293
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას, 17 აგვისტოს, ბრიუსელში ჩავიდა. ის ევროკომისიის ხელმძღვანელს შეხვდება და "მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის პრესმდივნის სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, სახელმწიფოს მეთაური ორმხრივ შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ ისინი მედიასთან გამოვლენ.

ამის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი "მსურველთა კოალიციის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამერიკელმა ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიიწვია.

ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში ევროპელი ლიდერები - გერმანიის კანცლერი, საფრანგეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის ხელმძღვანელი და ნატოს გენერალური მდივანი გაემგზავრებიან.

როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ლიდერები სამშვიდობო ძალისხმევას, უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხებს და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.

Advertisement