Logo

ზელენსკი - ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით, პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან, ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი

უკრაინა
115
Frontnews image description

აშშ უკრაინას რუსეთთან ომის დასასრულებლად კომპრომისებს სთავაზობს, თუმცა ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად და რომ ვლადიმერ პუტინი ციხეში არ არის, ყველაზე დიდი კომპრომისია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაც კი ოდესმე დაუშვია მსოფლიოს“, - განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა "ვერ დაივიწყებს" და არც დაივიწყებს, რამდენი ადამიანი დაიღუპა პუტინის მიერ წამოწყებული ომის დროს, თუმცა კიევი მზადაა, დაასრულოს ეს ომი, პუტინი კი არ ავლენს მშვიდობის დამყარების სურვილს, ამიტომ რუსეთზე უფრო დიდი ზეწოლაა საჭირო.

"მე არ მგონია, რომ მათ ომის შეჩერება სურთ. ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ... ზეწოლის ქვეშ... სწორედ ამიტომ, სანამ ზეწოლა არასაკმარისი არ იქნება, ისინი თამაშობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა აშშ-ს მიერ უკრაინასა და რუსეთზე თანაბარი ზეწოლის განხორციელებაზე. "არის რამდენიმე აზრი, რომელიც ჩემთვის უნდა შევინახო“, - აღნიშნა მან.

დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ში საარჩევნო პროცესის წინ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მოლაპარაკებები შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, მოლაპარაკებების პროცესიდან გავიდეს და კიევს, მოსკოვს ან ორივეს დააბრალოს. 

სხვა "კომპრომისებთან" ერთად, აშშ დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას სთავაზობს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების კომპრომისს წარმოადგენს. ამ იდეით არავინ არის აღფრთოვანებული.

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინული ჯარების დონბასიდან გაყვანას და აღმოსავლეთ უკრაინაზე სრულ კონტროლს. უფრო მეტიც, კრემლმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დონბასის რუსეთის ტერიტორიად საერთაშორისო აღიარებას ელის. უკრაინა რუსეთისგან ნებისმიერ ტერიტორიულ მოთხოვნას უარყოფს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები