Logo

ზელენსკი – ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის შემდეგ დონბასში ცოცხალი აღარაფერი იქნება

უკრაინა
337
Frontnews image description

დონბასში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ამ ომის შემდეგ ცოცხალი აღარაფერი დარჩება, – ამის შესახებ  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“რუსეთის შეტევაზე – არც ისე რთულია, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ასეთი გენიოსები არ მუშაობენ. ისინი ჩვენს თავდაცვაში სისუსტეებს ეძებენ, ჩვენს ლოჯისტიკას უყურებენ. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ურტყამდნენ სამოქალაქო სექტორს, ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, ენერგეტიკულ ქსელს… ყველა ეს დარტყმა შემთხვევითი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსები ცდილობენ ხალხის დაშინებას, რომ ქაოსი იყოს და სახელმწიფოში გაერთიანების ძალა არ არსებობდეს.

 

”ისინი მუდმივად მუშაობენ ამაზე. ეძებენ ნებისმიერ სუსტ წერტილს – მთელი ამ თვეების განმავლობაში მუშაობენ პაუზების გარეშე, თითქმის ერთი წელი აღმოსავლეთში, სადაც ყველაზე ცხელია, იქ არის მათი ყველაზე დიდი ჯგუფი. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ხერსონის დეოკუპაცია მოვახერხეთ, მათი დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი გაიქცა აღმოსავლეთში.

 

როგორ იბრძვიან იქ? ყოველ დღე ურტყამენ საცხოვრებელ სახლებს არტილერიით, შემთხვევითი არ არის, ანადგურებენ ყველაფერს ისე, რომ ხალხი გამოვიდეს, გაიქცეს და მერე თვითონ შესვლას ცდილობენ. ასე აკეთებენ დონბასში. ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის შემდეგ დონბასში არაფერი იქნება ცოცხალი. ახლა მე ვსაუბრობ ადამიანებზე და ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის გაავლო პარალელი.

 

“ისევე, როგორც ჰიტლერი მოიქცა მეორე მსოფლიო ომის დროს. აქ სიურპრიზები არ არის. ჩვენ გვესმის, რასაც აკეთებენ. თუ მოვახერხებთ პარტნიორებთან ერთად უფრო გაძლიერებას, უფრო ადრე მოვახდენთ დეოკუპაციას. თუ პროცესი შენელდება, იქ არის მთელი დონბასის განადგურების საშიშროება, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახდენთ ყველაფრის დეოკუპაციას, თუმცა მე ვფიქრობ ხალხზე, მინდა ადრე მქონდეს მხარდაჭერა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევინარჩუნოთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement