Logo

ზელენსკი - ჩვენ ვდგამთ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს და ამით ვაძლევთ სიგნალს ჩვენს ყველა პარტნიორს, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება

უკრაინა
153
Frontnews image description

დღეს უკრაინამ გადაწყვიტა გამოსულიყო ოტავის კონვენციიდან, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, ეს არის სიგნალი რუსეთის მოსაზღვრე ყველა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომელიც ძალაში შეჰყავს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ოტავის კონვენციასთან დაკავშირებით - ეს არის კონვენცია, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. რუსეთი არასდროს ყოფილა ამ კონვენციის მხარე და უკიდურესად ცინიკურია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების საკითხში. და არა მხოლოდ ახლა, უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ეს არის რუსი მკვლელების ხელწერა – სიცოცხლის განადგურება ყველა მეთოდით, რაც მათ ხელთ აქვთ: ქიმიური იარაღის, ბალისტიკური იარაღის, მათ შორის საშუალო მანძილის რაკეტების გამოყენება, ასევე სხვადასხვა ტიპის ნაღმები, მათ შორის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. სამწუხაროდ, ასეა", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აცნობიერებს გასვლის პროცედურის სირთულეებს, როდესაც ის ომის პირობებში ხორციელდება.

"ჩვენ ვდგამთ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს და ამით ვაძლევთ სიგნალს ჩვენს ყველა პარტნიორს, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც რუსეთის საზღვრის პერიმეტრზე მდებარეობს. სწორედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებია ის ინსტრუმენტი, რომელსაც ხშირად თავდაცვის ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის მიერ ოტავის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციიდან გასვლის შესახებ და დაუყოვნებლივი ზომების მიღების ბრძანება გასცა.

1997 წლის ოტავის კონვენციის მიხედვით, იკრძალება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოება, გამოყენება, შენახვა და გასხვისება. 

Advertisement