ზელენსკი - დღეს რუსეთის ომის 1418-ე დღეა უკრაინის წინააღმდეგ, მათ გაიმეორეს ფაშიზმი, გაიმეორეს თითქმის ყველაფერი ყველაზე უარესი, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 1418 დღე გრძელდება - ზუსტად იმდენივე ხანი, რაც ნაცისტური გერმანიის ომი სსრკ-ს წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ სიმბოლურ თარიღს გამოეხმაურა.
"დღეს რუსეთის ომის 1418-ე დღეა უკრაინის წინააღმდეგ. მათ სურდათ გამეორება და გაიმეორეს კიდეც - ადამიანების მიმართ ძალადობა, მათ გაიმეორეს ფაშიზმი, მათ გაიმეორეს თითქმის ყველაფერი ყველაზე უარესი, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა.
ომი იმავე ტერიტორიებზე მიმდინარეობს, სადაც 80 წლის წინ იყო - დონბასში, სლობოჟანშჩინაში, ზაპოროჟიეში. თუმცა, ამჯერად, დამპყრობლების წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინა იბრძვის და არა მთელი ანტიჰიტლერული კოალიცია.
ეს ბევრ რამეს ამბობს პუტინის მიერ აშენებულ სისტემაზე და პირადად მასზე. რუსების მსხვერპლი ახლა ყოველდღიურად სულ მცირე 1000 მოკლულია - ასეა დეკემბრიდან და რუსეთი ასე იხდის იმისთვის, რომ ომი არ დასრულდეს. ეს სიგიჟეა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, "ამ რუსული სიგიჟის" შეჩერება მხოლოდ უკრაინის ყველა პარტნიორის, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება.
"ომის ყოველი დღე იმის შეხსენებაა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია დაიცვას თავი შეშლილებისგან. უნდა დავიცვათ თავი. უნდა შევაჩეროთ რუსეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




