ზელენსკი - "ჰამასიც" კი უკვე მოლაპარაკებების მზადყოფნას აჩვენებს, მაგრამ პუტინი არა


ავტორი
Front News საქართველო
"ჰამასიც" კი უკვე აჩვენებს მზადყოფნას, ისრაელთან ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. ვლადიმერ პუტინი კი კვლავ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად დიალოგის დაწყებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რაც უფრო ეფექტური იქნება უკრაინა თავის გრძელვადიან სტრატეგიაში, მით უფრო სწრაფად მიაღწევს მშვიდობას.
"და რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით, რისი მიღწევა გვინდა. რა თქმა უნდა, მშვიდობა. ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს ომის გულისთვის, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. ჰამასიც კი უკვე აჩვენებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ პუტინი არა. ჯერჯერობით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა, თავის პარტნიორებთან ერთად, ქმნის პირობებს, რათა რუსეთს მშვიდობის დამყარება აიძულოს და ეს მიღწეული იქნება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიმართულ ყველა გლობალურ დიპლომატიურ ძალისხმევას და მტკიცედ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთზე სამართლიანი ზეწოლა მშვიდობას გამოიწვევს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ჩვენი რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა გაგრძელდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ღაზას სექტორში კონფლიქტის მოგვარების 20-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს „ტექნოკრატიულ, აპოლიტიკურ პალესტინის კომიტეტს“, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ღაზას ყოველდღიურ მმართველობაზე. საბჭოს თავად ტრამპი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი უხელმძღვანელებენ.
6 ოქტომბერს ეგვიპეტში ისრაელსა და "ჰამასს" შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც შუამავლების როლს ეგვიპტის, შეერთებული შტატების და კატარის წარმომადგენლები ასრულებენ. 9 ოქტომბერს კი პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ხელი მოაწერეს ამერიკული სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას.
მისივე თქმით, "ჰამასი" არსებითად დათანხმდა ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის ჯარისკაცების შეთანხმებულ ხაზზე გაყვანას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ "ჰამასის" მებრძოლებმა ყველა მძევალი მომავალი კვირის პირველ ნახევარში უნდა გაათავისუფლონ. ღაზას სექტორთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა კი ეგვიპტეში იგეგმება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს