Logo

ზელენსკი - ჯერჯერობით არავინ იცის, რას აპირებენ რუსეთის წარმომადგენლები სტამბოლში დაგეგმილ "სამშვიდობო" მოლაპარაკებებზე

უკრაინა
1 დღის წინ / 23:07
279
Frontnews image description

ჯერჯერობით არავინ იცის, რას აპირებენ რუსეთის წარმომადგენლები სტამბოლში დაგეგმილ შემდეგ "სამშვიდობო“ მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამჟამად ევროპასა და შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან ერთად ახალი დიპლომატიური ნაბიჯებისთვის ემზადება. კერძოდ, უკრაინული მხარე ყოველდღიურ კონტაქტშია ყველასთან, "ვისაც შეუძლია დიპლომატია ცარიელი არ გახადოს".

"ამ დროისთვის არ არსებობს მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რით მიდიან რუსები სტამბოლში. ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, თურქეთს არ აქვს, შეერთებულ შტატებსაც არ აქვს და არც სხვა პარტნიორებს. და ახლა ეს არც ისე სერიოზულად გამოიყურება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ამის შესახებ გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველას სურს, რომ დიპლომატია იმუშაოს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს.

"ყველას სურს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დიპლომატიით თამაში და დაასრულოს ომი. ყველას სურს სერიოზული მშვიდობა და რუსეთმა უნდა იბრძოლოს ამისკენ. სწორედ ეს არის შეხვედრების დღის წესრიგი. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი წარვადგინეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები "მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით გადამწყვეტი იქნება სანქციების საკითხთან დაკავშირებით".

16 მაისს, სტამბოლში, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების 1000/1000-ზე გაცვლაზე (რაც უკვე განხორციელდა) და ასევე შესაძლო ზავის ვარიანტების წარდგენაზე.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან ითანამშრომლოს "მემორანდუმზე“, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც მოიცავს.

ამ კვირის დასაწყისში რუსულმა მხარემ შესთავაზა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარება სტამბოლში, ორშაბათს, 2 ივნისს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ვლადიმერ მედინსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მან მალევე განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციას გადასცა დოკუმენტის ვერსია შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ მოსკოვმა არ მიაწოდა თავისი "მემორანდუმი". თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ "დოკუმენტი“ წარმოდგენილი იქნებოდა ორშაბათს, 2 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე.

ცნობილია, რომ სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია ზუსტად იგივე იქნება, რაც 16 მაისს.

Advertisement