ზელენსკი - მსოფლიო უსაფრთხო უნდა იყოს, ეს ჩვენი მიზანია და ასეც იქნება, თავდასხმებს კი ვუპასუხებთ აუცილებლად

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ში მოლაპარაკებების შემდეგ მშვიდობისკენ რეალური პროგრესი არ შეინიშნება, რადგან რუსეთი დიპლომატიურ პროცესში ჩართვის სურვილს არ ავლენს.
მან ეს შეფასება უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფის ანგარიშის შემდეგ გააჟღერა, რომელიც შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა.
"სამწუხაროდ, რეალური მოძრაობა ჯერ არ არის - რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ, პარტნიორებთან ერთად, უნდა გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა, რათა რუსეთი აიძულოს რეალურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, უკრაინაში, შეერთებულმა შტატებმა, ევროპელებმა და სხვა გლობალურმა აქტორებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ყველაფერი აუცილებელი, რათა რუსები დიპლომატიით დაინტერესდნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კრემლმა შესაძლოა, მოლაპარაკებების პროცესი დროის მოსაგებად და დამატებითი რესურსების მოსაპოვებლად გამოიყენოს.
"რუსები განაგრძობენ დარტყმებს, თავს დაესხნენ ჩვენი ქალაქების ცენტრს, ლვოვის ისტორიულ ცენტრს. ლვოვში წმინდა ანდრიას ეკლესიის შენობებში ხანძარი იყო. ამ ეკლესიის ისტორია XVII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ივანო-ფრანკოვში სამიზნე სამშობიარო სახლი იყო. მსოფლიო უსაფრთხო უნდა იყოს, ეს ჩვენი მიზანია და ასეც იქნება. თავდასხმებს კი ვუპასუხებთ, აუცილებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.
24 მარტის საღამოსთვის, უკრაინის თითქმის ყველა დასავლეთი რეგიონი დრონების თავდასხმის ქვეშ იყო. აფეთქებები მოხდა ლვოვში, ასევე აფეთქებების ხმა ისმოდა ტერნოპოლში, ივანო-ფრანკოვსკსა და ვინიცაში. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




