Logo

ზელენსკი - მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის, უკრაინას არ ეშინია რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების

უკრაინა
4 საათის წინ / 19:14
243
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ზელენსკის უკრაინის დელეგაციის მუშაობისა და თურქეთში მოლაპარაკებების პროცესის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

"15-16 მაისის შეხვედრებმა მსოფლიოს აჩვენა ჩვენი მზადყოფნა მშვიდობის დასამყარებლად და შესაბამისად, რუსეთზე ომის დასრულების მიზნით ზეწოლის აუცილებლობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ამ მოლაპარაკებების ყველაზე დიდი შედეგი იყო შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ "1000 1000-ზე" ფორმატით. უკრაინული მხარე ამჟამად გაცვლის დეტალებს ამუშავებს.

"უკრაინის დელეგაციამ მოახერხა საუბრის ღირსეულ ჩარჩოში შენარჩუნება. რუსეთის მხრიდან მუქარის ყველა მცდელობა უარყოფილი იქნა. უკრაინა დაჟინებით მოითხოვს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას სიცოცხლის გადასარჩენად და დიპლომატიისთვის საჭირო საფუძვლის უზრუნველსაყოფად“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასეთი ცეცხლის შეწყვეტა საკმარისად ხანგრძლივი უნდა იყოს და გაგრძელების შესაძლებლობით. უკრაინის პოზიცია შეთანხმებულია პარტნიორებთან - 30-დღიანი ზავი.

"ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ასევე მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის, რათა გადაწყდეს ძირითადი საკითხები. უკრაინას არ ეშინია რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ომი არ გააჭიანუროს", - მიიჩნევს პრეზიდენტი.

16 მაისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ომის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ საათზე მეტხანს განიხილეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციამ არაერთი მიუღებელი მოთხოვნა წამოაყენა, რომლებიც უკრაინის ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა უკრაინამ თავისი პოზიცია შეინარჩუნა, თავისი ხაზი დაიცვა და დისკუსია იმ საკითხებზე დააბრუნა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია.

Advertisement