ზელენსკი - პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ორწელიწად-ნახევარია თანამდებობაზე და მერე რას ვაკეთებთ? უკრაინა უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ითხოვს

ავტორი
Front News საქართველო
ვარაუდი, რომ რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შიშით ახალ თავდასხმაზე უარს იტყვის, უსაფრთხოების საკმარისი გარანტია არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, შეხების ხაზზე საერთაშორისო პარტნიორების რეალური ყოფნის არარსებობა რუსეთის შეკავების საკითხს ღიად ტოვებს.
"რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ უკრაინას? თუ ჩვენი პარტნიორები არ იმყოფებიან შეხების ხაზზე, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები კიდევ ერთ შეტევას გარკვეული დროის შემდეგ? რატომ? უბრალოდ არ მესმის, რატომ. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს. რა შეაკავებს მათ? რა?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პოზიციაზე, რომ რუსეთი თითქოს თავს იკავებდა ესკალაციისგან, ტრამპის მხრიდან მკაცრი რეაქციის შიშით.
"მაგალითად, აშშ ამბობს - პრეზიდენტი ტრამპი. პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ორწელიწად-ნახევარია თანამდებობაზე და მერე რას ვიზამთ?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-მა ადრე განაცხადა, რომ მზად იყო უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიები მიეცა მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. ამავდროულად, მან ეს საკითხი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებიდან უკრაინული ჯარების გაყვანის პირობების შესრულებას დაუკავშირა.
ამ ფონზე, უკრაინა ამზადებს განახლებულ დოკუმენტს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაცვა რუსული აგრესიის განმეორებისგან და განსაზღვროს პარტნიორების მხრიდან რეაგირების მკაფიო მექანიზმები.





