Logo

Logo

ზელენსკი - პუტინის შემოდგომის გეგმის ნაწილი მშვიდობა არ არის, ის გაფართოებული მობილიზაციისთვის ემზადება და მნიშვნელოვანია ზეწოლა

უკრაინა
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი რუსეთში გაფართოებული მობილიზაციისთვის პირობებს ამზადებს, ის ასევე ჩრდილოეთ კორეიდან ახალი ჯარისკაცების მიღებას გეგმავს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის შემოდგომის გეგმების შესახებ და მშვიდობა ამ გეგმების ნაწილი არ არის.

"მისი დანაკარგები ყველაფერზე მეტყველებს. წელს შვიდ თვეზე ნაკლებ დროში 221 000 ადამიანი შეუერთდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ამასობაში, იმავე პერიოდში რუსების დანაკარგებმა თითქმის 225 500 შეადგინა, რომელთაგან 131 000 დაიღუპა და თითქმის 93 000 დაიჭრა, მათგან მნიშვნელოვანი რაოდენობა მძიმე იყო, რადგან რუსებს აბსოლუტურად საშინელი საველე სამედიცინო დახმარება აქვთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პუტინი ემზადება მეტი რუსის ომში გაწვევისთვის.

გარდა ამისა, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობს ამ ქვეყნიდან ახალი სამხედრო პერსონალის მისაღებად, ჩრდილოეთ კორეა კი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების გადასაცემად ემზადება.

"რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღება სურს: ვორონეჟის რეგიონში ივნისიდან მიმდინარეობს მზადება მათი მისაღებად. ჩრდილოეთ კორეა ასევე ემზადება რუსეთისთვის ახალი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების გადასაცემად. ეს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის წარმოადგენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ომის წარმოების სწავლებაში ეხმარება, მოსკოვი აუმჯობესებს ამ ქვეყნის შეიარაღებას და აძლევს მას იარაღის რეალურ საბრძოლო პირობებში გამოყენების გამოცდილებას, ეს კი საფრთხეს უქმნის აზიაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ვინც ჩრდილოეთ კორეის რაკეტების მოქმედების რადიუსში იმყოფება. უკრაინა, თავის მხრივ, ამას დაუპირისპირებდა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია რუსეთსა და მის პარტნიორებზე ზეწოლა, რათა მოსკოვმა ომის დასრულება მოისურვოს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ რუსეთზე საკმარისი ზეწოლის განხორციელება, რათა ამ აგრესიის დასრულების იდეა გახდეს დომინანტური - მშვიდობის იდეა და არა მორიგი რუსული მობილიზაციის. ჩვენი შორი დისტანციის ოპერაციები და საშუალო დისტანციის სამიზნეებზე დარტყმები, ამას ხელს უწყობს. სულ უფრო მეტი რუსი აქცევს ყურადღებას პუტინის ომს, განიცდის მისგან დანაკარგებს და მიიჩნევს, რომ ომი არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას ვხედავთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები