Logo

ზელენსკი - პუტინისთვის უკრაინის მიწის მიცემა ომის შესაჩერებლად გამოსავალი არ არის და ეს არც მოხდება

უკრაინა
353
Frontnews image description

უკრაინა ომის დასასრულებლად რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, ეს ვლადიმერ პუტინს არანაირად არ შეაჩერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები სინამდვილეში მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიებია.

"როდესაც უკრაინაში ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ეს მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიებია. ეს უკვე აშკარაა", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საჭიროა ჩინეთზე გავლენის მოხდენის მექანიზმების პოვნა, რათა პეკინმა გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის დასასრულებლად. "ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რათა გავლენა მოვახდინოთ ჩინეთზე, რომ მან გამოიყენონ თავიანთი გავლენა რუსეთზე ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთისთვის ნედლეულის მიმწოდებლად და მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია პეკინის მოტივაცია, აირჩიოს ომის გარეშე გზა.

ზელენსკის თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია შეერთებული შტატებისა და ევროპის სიძლიერეზე და მათ გავლენის კოორდინაციის უნარზე.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის იზოლაცია ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად დაასახელა. "ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის იზოლაციაა, ეს არის ის, რაც უნდა შენარჩუნდეს, სანქციები ამისთვისაც მუშაობს, სხვა საკითხებთან ერთად. ტარიფებმა ამისთვისაც უნდა იმუშაოს, სხვა საკითხებთან ერთად. განსაკუთრებით ამ მიზნით უნდა მოხდეს რუსული აქტივების კონფისკაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი მტკიცედ უარყოფს ტერიტორიული დათმობების იდეას, როგორც ომის დასრულების გზას და მას მხოლოდ პაუზას უწოდებს, რომელიც ადრე თუ გვიან ახალ თავდასხმებს გამოიწვევს. 

"პუტინისთვის ამა თუ იმ უკრაინული მიწის მიცემა, რათა მან ომი შეაჩეროს, არ მოხდება. ეს გამოსავალი არ არის. ეს პაუზაა. როგორც 2008 წლის შემდეგ საქართველოში, როგორც 2014 წლის შემდეგ და ყირიმისა და დონეცკში", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჭიროა არა დროებითი შესვენება, არამედ ომის გარანტირებული დასრულება, უკრაინისთვის გარანტირებული უსაფრთხოება და რუსეთის პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე. "ჩვენ გვჭირდება ომის გარანტირებული დასრულება, უკრაინისთვის გარანტირებული უსაფრთხოება და რუსეთისთვის გარანტირებული პასუხისმგებლობა მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement