Logo

ზელენსკი - რუსეთი ენერგეტიკაზე თავდასხმებს გეგმავს, საფრთხის შესახებ მონაცემები IAEA-ს და უიტკოფს გადაეცა

უკრაინა
318
Frontnews image description

რუსეთის ფედერაცია უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმის გაგრძელებას გეგმავს. საფრთხეების შესახებ ინფორმაცია გადაეცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მან შეხვედრა გამართა სამხედროებთან, უსაფრთხოების სამსახურთან და ოფიციალურ პირებთან უკრაინის ინფრასტრუქტურის რუსული თავდასხმებისგან დაცვის საკითხზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და სხვებისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, ვინც მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სამოქალაქო ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას.

"ეს ტერორი სულ უფრო და უფრო საზიზღარი ხდება. არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსკოვში ვინმე ომის დასასრულებლად ემზადება და დიპლომატიას სერიოზულად უდგება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის გეგმების შესახებ და ახლა რუსული დაბომბვები შესაძლოა, ნაკლებად შესამჩნევი იყოს მსოფლიოსთვის ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო.

"რუსეთი ენერგეტიკის წინააღმდეგ შემდგომ თავდასხმებს გეგმავს, რაც შესაძლოა, ახლა მსოფლიოსთვის ნაკლებად შესამჩნევი იყოს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ფოკუსირების გამო. ჩვენი პარტნიორების სადაზვერვო სამსახურებს შესაბამისი მონაცემები აქვთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ინფორმაცია გადასცა თავის კოლეგას შეერთებულ შტატებშიც.

Advertisement