ზელენსკი - რუსეთი უკრაინაზე კიდევ ერთ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი შესაძლოა, კვლავ ამზადებდეს მასობრივ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე. ამაზე დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერს ესაუბრა.
"კანცლერს ვაცნობე ჩვენი დაზვერვის მონაცემები, რომ რუსები უკრაინის ქალაქებსა და თემებზე ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის მიერ მიმდინარე საჰაერო დარტყმების დროს გამოვლენილი თანაგრძნობისთვის.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ერთობლივად უპასუხონ ამ თავდასხმებს, პირველ რიგში, ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, რუსეთის მიერ შესაძლო ახალი მასშტაბური დარტყმის შესახებ დაზვერვის ინფორმაციის შემდეგ, ზელენსკიმ სიტუაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰასთან განიხილა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას განიხილეს მომდევნო კვირების პრიორიტეტული ამოცანები, ასევე ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა პარტნიორმა იცოდეს, რა ხდება და რომ რუსეთი კვლავაც ეყრდნობა რაკეტებსა და შემდგომ ომს და არა დიპლომატიურ ნაბიჯებს. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციებია საჭირო და რომ ჩვენს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების განხორციელება არ შეიძლება გადაიდოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ უკრაინელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"უახლოეს დღეებში უკიდურესად ყურადღებით იყავით საჰაერო თავდასხმის სირენების მიმართ“, - აღნიშნა მან.
რუსეთმა უკრაინაზე ბოლო მასშტაბური დარტყმა 24 მაისის ღამეს განახორციელა. მთავარი სამიზნე კიევი და კიევის ოლქი იყო. ოკუპანტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 90 რაკეტა, მათ შორის "ორეშნიკი", ასევე 600 თავდასხმის დრონი. დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 90-მდე დაშავდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




