ზელენსკი - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღამით უკრაინაზე რუსეთის კიდევ ერთ მასშტაბურ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, მტერმა თითქმის 300 თავდასხმის დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობა „შაჰედის“ დრონები იყო, ასევე 18 ბალისტიკური რაკეტა და 7 ფრთოსანი რაკეტა.
დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო - გენერაციის ობიექტები და ქვესადგურები. თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
დარტყმები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში.
ზელენსკის თქმით, ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩში საფოსტო ტერმინალზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომელსაც სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
"კიევის ოლქში სიტუაცია რთულია: ამჟამად რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარების სამსახურია მობილიზებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თითოეული ასეთი დარტყმა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობის შეხსენებაა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში.
"საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო, განსაკუთრებით ზამთარში. მსოფლიოს შეუძლია ამ ტერორს ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს. ჩვენ ამერიკიდან და ევროპიდან დაჩქარებული მოწოდების იმედი გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიცივე მას ომის მოგებაში ვერ დაეხმარება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




