Logo

ზელენსკი - სამწუხაროდ, არ არსებობს ადეკვატური მსოფლიო რეაგირება ყველაფერზე, რაც ხდება, სწორედ ამიტომ აკეთებს ამას პუტინი, ის უბრალოდ დასცინის დასავლეთს

უკრაინა
164
Frontnews image description

რუსეთი ზამთრის წინ უკრაინის გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებს, საერთაშორისო რეაგირება კი სუსტი რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"სამწუხაროდ, არ არსებობს ადეკვატური მსოფლიო რეაგირება ყველაფერზე, რაც ხდება, თავდასხმების მუდმივად მზარდ მასშტაბებსა და თავხედობაზე. სწორედ ამიტომ აკეთებს ამას პუტინი: ის უბრალოდ დასცინის დასავლეთს, მათ დუმილს და ძლიერი საპასუხო ქმედებების არარსებობას.

რუსეთმა უარყო ყველა შეთავაზება ომის შესაჩერებლად ან სულ მცირე დარტყმების შესაჩერებლად. რუსეთი ღიად ცდილობს ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ახლა კი, ზამთრის წინ, ისინი ანადგურებენ ჩვენს გაზის ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიის წარმოებას და ელექტროენერგიის გადაცემას.

ნულოვანი რეალური რეაქცია მსოფლიოსგან. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად და რუსეთმა იგრძნოს ეს პასუხი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყველა რუსული რაკეტა, ყველა რუსული თავდასხმის დრონი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც კვლავ მიეწოდება რუსეთს დასავლეთის ქვეყნებიდან, რუსეთის მიმდებარე სხვადასხვა ქვეყნიდან.

"მხოლოდ რუსული "კინჟალის" რაკეტა შეიცავს უცხოური წარმოების 96 კომპონენტს. მათგან ბევრი ნამდვილად კრიტიკული კომპონენტია, რომელსაც რუსეთი არ აწარმოებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ღამით გამოყენებული 500-ზე მეტი დრონი 100 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს მოიცავს. ამ კომპონენტების მომწოდებლებს შორის არიან კომპანიები: აშშ-დან, ჩინეთიდან, ტაივანიდან, დიდი ბრიტანეთიდან,
გერმანიიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ნიდერლანდებიდან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წელს უცნაურია იმის მოსმენა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ თითქოს არ იცის, როგორ შეაჩეროს რუსული სამხედრო ტექნიკისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდება.

"ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვამზადებთ ახალ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამჟამად მუშაობს რუსეთისთვის, მისი ომისთვის და მათ წინააღმდეგ, ვინც ამ დროს ცდილობს უკრაინის დასუსტებას", - განაცხადა ზელენსკიმ.

5 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ყველაზე მეტად ლვოვის რეგიონი დაზარალდა. ამ დარტყმისთვის რუსებმა თითქმის ყველა არსებული იარაღი გამოიყენეს.

დასავლეთის რეგიონების გარდა, ცეცხლის ქვეშ ზაპოროჟიე მოექცა. მასშტაბურმა შეტევამ ათიათასობით ადამიანისთვის ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, ხოლო ჩერკასის რეგიონის ნაწილი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დარტყმები შეეხო ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც.

Advertisement