Logo

ზელენსკი - სამწუხაროდ, დღეს ჩვენ აშშ-ის ფოკუსში არ ვართ, აღმოჩნდა, რომ ომების რიგში ვდგავართ

უკრაინა
189
Frontnews image description

უკრაინა მზადაა ომის დიპლომატიური დასრულების ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა შეერთებული შტატების ყურადღება ახლა მსოფლიოს სხვა კონფლიქტებზეა გადატანილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კიევი მუდმივ კონტაქტზეა ამერიკულ მხარესთან მომლაპარაკებლების ჩასართავად, თუმცა ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ (აშშ-ის) ფოკუსში არ ვართ. ირანი აშშ-სთვის ნომერ პირველი საკითხია, ხოლო უკრაინა - მეორე. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ომების რიგში ვდგავართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს გავლენის უდიდესი ბერკეტები, რომლებსაც შეუძლია აიძულონ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ოპტიმალურ სცენარს კვლავ ვაშინგტონისა და ევროპის სამშვიდობო პროცესში ჩართვა წარმოადგენს, რადგან მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპული წარმომადგენლობის გარეშე, ევროკავშირის ინტერესები შესაძლოა, არ იყოს მოსმენილი.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტი საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებაა და ამიტომ სახელმწიფო მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ფორმატს, რომელიც მშვიდობას დააახლოებს.

"მზად ვარ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ამ ომის დასასრულებლად, იმის ნაცვლად, რომ რიგში ვიდგე, სანამ ყველა დანარჩენი მსოფლიოში ყველა კონფლიქტს დაასრულებს და შემდეგ საქმე ჩვენამდე მოვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ასევე უკრაინის წარმატებული დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, დიპლომატიისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ეს საშუალებას აძლევს უკრაინას, მოლაპარაკება აწარმოოს და ეს ომი "რუსებთან თანასწორი პირობებით, ნებისმიერ ფორმატში“ დაასრულოს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები